საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების შემთხვევაში კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, კაზინო შესაბამისი კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ასეთ ტურნირებში მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგანაც გათავისუფლდებიან. ცვლილება შედის ექვს სხვადასხვა კანონში, მათ შორის საგადასახადო კოდექსში. .პარლამენტში კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დღეს დაიწყო. ინიციატორები უმრავლესობის დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, საერთაშორისო პოკერისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებამ შესაძლოა ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების დამატებითი ნაკადი მოიზიდოს და ეკონომიკურ აქტივობას შეუწყოს ხელი. კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებას მხოლოდ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი შეძლებს. ტურნირში მონაწილეთა სულ მცირე 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ცალკე ნებართვა იქნება საჭირო, რომლის წლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარს შეადგენს. საიდან მოდის ინიციატივა, რატომ განიხილება ცვლილებები დაჩქარებული წესით და რას ცვლის აღნიშნული გადაწყვეტილება სათამაშო ბიზნესისთვის?
სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი






























