IT სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ დარგისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არსებული საგადასახადო რეჟიმია.
როგორც „ნექსუსის“ გენერალური დირექტორი BMG-სთან აღნიშნავს, ქართული IT კომპანიებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსი არ აქვთ და შესაბამისად, მათზე საგადასახადო შეღავათებით არ სარგებლობენ, მეტად რენტაბელურია უცხოელი სპეციალისტების დასაქმებაა, ვიდრე ქართველი დეველოპერების.
აკაკი კვანტალიანის შეფასებით, არსებული ვითარების ფონზე, დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია, საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ამჟამად საერთაშორისო IT კომპანიები სარგებლობენ, ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიებზეც გავრცელდეს.
“ისევ გამოწვევად რჩება ცოტა დაულაგებელი საგადასახადო სისტემა IT კომპანიებისთვის. კერძოდ ის, რომ შეღავათები, რომლებიც დაწესებულია საერთაშორისო კომპანიის სტატუსზე, არ ვრცელდება ქართულ კომპანიებზე საქართველოს შიგნით [მომსახურების] მიწოდებაზე. მაგალითად, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან დეველოპერების დასაქმება ბევრად უფრო მისაღებია და რენტაბელურია ჩვენთვის ქართული კომპანიების მომსახურებისთვის, ვიდრე ის, რომ ქართველები დავასაქმოთ და ქართველებს მოვემსახუროთ.
დღეს ჩვენი კომპანიისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია, რომ დავასაქმოთ უცხოელი მუშახელი. წარმოიდგინეთ, გვყავს დეველოპერები ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრად უფრო ხელსაყრელია, რომ ისინი დავასაქმოთ და მათი დასაქმების შედეგად მიღებული მომსახურება და პროდუქტი გავყიდოთ საქართველოში და დავასაქმოთ ქართველები იმისთვის, რომ ვემსახუროთ უცხოეთს. რაღაც აუხსნელი ხდება ჩვენს ქვეყანაში. გასაგებია, რომ რაღაც კარგი რეფორმა გაკეთდა, რომელმაც გარკვეული ანომალია შექმნა და ჩვენც, შესაბამისად, მაგ გზას მივყვებით და ძირითადი ჩვენი სამუშაო ძალა არის არარეზიდენტები.
საქართველოში რომ დავასაქმო იგივე ქართველი დეველოპერი, მისი ხელფასის ზემოდან 20% უნდა გადავიხადო გადასახადებში. ხოლო როდესაც ვასაქმებ უცხოელს, ფაქტობრივად ყველა მეზობელ თუ არამეზობელ ქვეყანაში არის ციფრული შეღავათები დეველოპერებზე, რომლითაც ყველა სარგებლობს. სომხეთი მაგალითად. ჩვენ ძალიან ბევრი სომეხი დეველოპერი გვყავს. ჩვენ რომ უნდა გადავუხადოთ მაგალითად 1000 დოლარი დეველოპერს, ისინი იქიდან მხოლოდ 50 დოლარს იხდიან გადასახადს. იგივე 1000 დოლარი ქართველ დეველოპერს რომ მივცე, 300 დოლარი უნდა გადავიხადო ზემოდან საქართველოს ბიუჯეტში. აი, ასეთ ანომალიას ვხვდებით. შესაბამისად, ყველანაირ სხვა თანაბარ პირობებში გვირჩევნია, რომ დავასაქმოთ უცხოელები, შევქმნათ პროდუქტები, რომლებსაც მერე გავყიდით ნებისმიერ სხვა ბაზარზე.
ერთ-ერთი მთავარი შეღავათი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ის არის, რომ საშემოსავლო გადასახადი ხდება 5%, როდესაც ქართველ დეველოპერს ასაქმებ და შემდგომ აწარმოებ ექსპორტს. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ დავსხდეთ სახელმწიფოსთან ერთად. ICT ასოციაციას ძალიან ბევრი იდეა და წინადადება აქვს, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ყველაფრის ადმინისტრირება, დალაგება ისე, რომ ქართული კომპანიისთვის არ ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა საგადასახადო ტვირთის კუთხით, აიყვანს ქართველ დეველოპერს თუ დეველოპერს ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან დისტანციურად“, - განაცხადა აკაკი კვანტალიანმა.
ცნობისთვის, 2020 წლის ბოლოდან საქართველოში "საერთაშორისო საწარმოს სტატუსის" მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.




























