მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო ორგანომ პაიკიძეს პასპორტი გაუუქმა. მას ჩამოსვლის სურვილი აქვს, თუმცა ამის შესაძლებლობას მოკლებულია - ადვოკატი

ირმა ჭკადუა

კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, 4.1 მლნ ლარის მითვისებაში ბრალდებულ ბიჭიკო პაიკიძეს, ამავე კომპანიის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს - იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძეს და ირაკლი გალოგრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პაიკიძე სასამართლოზე ფიზიკურად არ იმყოფებოდა. მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, პაიკიძეს პასპორტი გაუუქმეს, რის გამოც მას საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს, თუმცა არ აქვს შესაძლებლობა.

„არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არანაირი საფუძველი. გამოძიების დაწყებამდე და მას მერეც მიმდინარეობდა მიყურადება და თვალთვალი. მას არაფორმალური გზებით საზღვრის გადაკვეთა არ უცდია. გადამოწმება პრობლემას არ წარმოადგენს, რომ მასა და ოჯახის წევრებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და არაერთხელ არის გადასული თურქეთში. მივიდნენ მეუღლესთან ბრალის წარდგენამდე 2 საათით ადრე და უთხრეს, რომ ორ საათში უნდა გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში, როცა იცოდნენ, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა.

საგამოძიებო ორგანომ პაიკიძეს პასპორტი გაუუქმა. მას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს, თუმცა ამის შესაძლებლობას მოკლებულია. თუ გამოძიებისთვის საინტერესო იყო, არაფორმალური გზებით საზღვრის კვეთა არ უცდია,“ – განაცხადა ჭკადუამ.

პროკურორი ბექა ხუნაშვილი კი ამბობს, რომ პაიკიძე სავარაუდოდ, პორტუგალიაში ცდილობდა გადასვლას, რათა ის გამოძიებას „უკეთესად მიმალვოდა“.

სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ პაიკიძისთვის პატიმრობა არ შეფარდდეს და ალტერნატიულ ღონისძიებად 100 ათასი ლარის გირაო გამოიყენონ.

ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ ხუთ პირს ბრალდება სახელმწიფო კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებას ეხება. პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე გირაოს.

"ქართული ოცნების" მიერ შეცვლილი კანონმდებლობის გამო, სხდომა ვიდეო და ფოტო გადაღებისთვის დახურულია. ცნობებს სასამართლოდან "ნეტგაზეთი" და IPN-ი ავრცელებენ.

შეგახსენებთ, 24 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმალვაშია ბიზნესმენი და ვანში საკრებულოს წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომლის კომპანიამაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაფორმებულ 46.6 მილიონი ლარის კონტრაქტებიდან 4.1 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა. საქმეზე სულ 5 პირი დააკავეს, მათ შორის "ბიპი ტრანსის" დირექტორი ვალერიანე კვარაცხელიაც. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. არსებული ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები