ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) თანამშრომლების - სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებში შევიდა და ჩხრეკენ.
სოფო გელევას განსაკუთრებულ ეჭვს იწვევს, თუ რატომ წაიღეს სამართალდამცველებმა მისი პოლიტიკოსი მეუღლის, "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ნონიაშვილის ლეპტოპი.
"რეალურად წაიღეს ჩემი პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც ვიყენებ ჩემი სამსახურებრივი მიზნებისთვის. ჩემი პირადი ტელეფონი, ჩემი მეუღლის ლეპტოპი, რომელიც არის პოლიტიკოსი და საჯარო ფიგურა, ჩემი შვილის, არასრულწლოვანის ლეპტოპი. ამიხსნეს, რომ ეს არის დაკავშირებული იმ კომპანიასთან, რომელსაც დაკონტრაქტებული ვყავარ, თუმცა მე რეალურად ვმუშაობ ატლანტიკურ საბჭოში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაა, ამერიკაში დაფუძნებული და ჩემი საქმიანობა პირდაპირ არის დაფუძნებული დეზინფორმაციასთან, საინფორმაციო ოპერაციების კვლევასთან, რუსეთის ჩარევასთან, ამიტომაც ახლა ჩემთვის საეჭვოა რა ხდება და რასთან არის დაკავშირებული ეს ამბავი, თუმცა ის, რომ ჩემი პოლიტიკოსი მეუღლის ლეპტოპიც წაიღეს, არის საეჭვო", - ამბობს სოფო გელავა.
ეთო ბუზიაშილის თქმით, მას არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების საშუალება. სახლში კი მოტყუებით შევიდნენ.
„დაახლოებით დილის რვა საათზე მოვიდნენ. არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ. თქვეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ და გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა", - თქვა ეთო ბუზიაშვილმა "ფორმულასთან".
სოფო გელავას ადვოკატი შოთა თუთბერიძე "რუსთავი2"-თან აცხადებს, სამართალდამცველებმა ჩხრეკის მიზეზად შემდეგი მუხლები დაასახელეს, 194-ე, 218-ე და 180-ე, რაც გულისხმობს თაღლითობას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და გადასახადებისთვის თავის არიდებას.
"როგორც განჩინებიდან ირკვევა, გამოძიება მიმდინარეობს იურიდიული პირის მიმართ. არ ვიცი კომერციული იურიდიული პირია თუ არაკომერციული.
მისი ფილიალის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით - 194-ე, 218-ე და 180-ე, რაც გულისხმობს თაღლითობას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და გადასახადებისთვის თავის არიდებას. რამდენიმე მომენტია ამ ჩხრეკაში, თვითონ ჩხრეკა ჩატარდა ნორმალურ ვითარებაში და ჩივილები და პრეტენზიები არ გვაქვს.
ჩვენ წარვადგინეთ ყველა ნივთი, რომელიც პოლიციისთვის იყო საინტერესო, მათივე თქმით,"- აცხადებს ადვოკატი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. არ პასუხობენ არც ზარებს. BM.GE ცდილობს დაუკავშირდეს ფინანსთა სამინისტროს. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.
სოციალურ ქსელში ამ პირების ან მათი ოჯახის წევრების მიერ დადასტურებული ინფორმაციით, დღეს ფინანსური სამსახური შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა:
- ატლანტიკური საბჭოს ყველა ქართველ თანამშრომელთან, მათ შორის DFRLab-ის უფროს მკვლევარებთან, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილთან;
- ამერიკულ კომპანია Concentrix-ში, რომელიც თბილისის ცენტრში, ვაკე პლაზაში მდებარეობს, სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს;
- ფინანსურმა პოლიციამ გაჩხრიკა აქტივისტი ძმების, ონისე და სანდრო ცხადაძეების სახლი.