მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახური შავ მანქანების ნაცვლად, ლურჯი ფერის ჰიბრიდებს შეიძენს

5ae98b783d1c7
თამუნა დემეტრაშვილი
02.05.18 13:56
3215
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შავი ფერის მანქანების აკრძალვის შემდეგ, ლურჯი მანქანების შეძენას გეგმავს. 10 ერთეულ ჰობრიდულ ავტომობილზე უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, რაშიც 530 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, მანქანები 2018 წელს უნდა იყოს გამოშვებული, ძრავის მოცულობით არანაკლებ 1,6 უნდა იყოს. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ ალუმინის დისკები, აუდიო სისტემა, მუქი ნაჭრის სალონი და აუცილებლად უნდა იყოს ლურჯი ფერის. უწყება მომწოდებლისაგან 3 წლიან გარანტიასაც ითხოვს. წინადადებების მიღება აღნიშნულ ტენდერზე 16 მაისს სრულდება.

გარდა ჰიბრიდული მანქანებისა, უწყება 30 ერთეული ბენზინისძრავიანი მანქანის შეძენასაც გეგმავს, ჯამში 1,5 მილიონი ლარის ღირებულებით. ავტომობილები ამ შემთხვევაშიც მუქი ლურჯი შეფერილობის უნდა იყოს, ძრავის მოცულობით არანაკლებ 1.8.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური bm.ge-სთან განმარტავს, ავტომობილები ოპერატიული საქმიანობისთვის იქნება განკუთვნილი. ახალი მანქანების შეძენა კი ავტოპარკის სიძველითაა განპირობებული.

"2018 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახურის ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შემოწმებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, საჭირო გახდა საგამოძიებო სამსახურის ავტოპარკის განახლება", -განმარტავენ საგამოძიებო სამსახურში.
ძველი, მწყობრიდან გამოსული ავტომობილები შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მომსახურების სააგენტოს გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები