მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურის უფროსი და ბიზნესომბუდსმენი ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელ და რეალიზატორ კომპანიებს შეხვდა

5b72f0d657788
BM.GE
14.08.18 19:09
674
საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე, ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რა ღონისძიებები განხორციელდება მომავალში, რათა კანონის ფარგლებში მოექცეს ხე-ტყის მოპოვებისა და რეალიზაციის სფეროში მომუშავე საწარმოების საქმიანობა.

ბიზნესმენები დაინტერესდნენ, როგორი იქნება საამქროების ფუნქციონირების შემდგომი ბედი.

მათი თქმით, კომპანიებს დამკვეთებთან აქვთ ნაკისრი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ვერ ხდება.

ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის თქმით, “მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს ბიზნესის საქმიანობას, დაარეგულიროს და კანონის ფარგლებში მოაქციოს ხე-ტყის ნედლეულის მოპოვებისა და რეალიზაციის სფერო, რათა ამ მიმართულებით ქვეყანაში არაკონტროლირებადი ბაზარი არ არსებობდეს.”

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა, რომ  ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი ატარებს სახერხი საამქროების ინვენტარიზაციას. ბიზნესის ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, ხვალიდან, ეტაპობრივად, გაიხსნება ყველა ის რეგისტრირებული სახერხი საამქრო, რომელშიც ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებულია.

 „დაუშვებელია ხე-ტყის მასობრივი უკანონო ჭრები, ასევე არ შეიძლება ლიცენზირებული და გადასახადების გადამხდელი კომპანიები არათანაბარ პირობებში იყვნენ უკანონოდ მოქმედ საწარმოებთან, რომლებიც უკანონო ჭრებს ახორციელებენ და არ იხდიან გადასახადებს. კანონის ფარგლებში მოქმედი საწარმოს საქმიანობა არ შეფერხდება. კანონის წინაშე პასუხისმგელობა დაეკისრება ყველა იმ პირს, ვინც ხე-ტყის უკანონო ჭრებს ახორციელებს ან ხელს აფარებს დანაშაულს“, - აღნიშნა მან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებელთა, ასევე გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა - მხილების მიზნით.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ამა წლის 26 ივლისიდან ერთდროულად განხორციელდა იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება. გამოვლინდა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროები. საერთო ჯამში, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ხე-ტყის გადამამუშავებელ 700-ზე მეტ საწარმოში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები