საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით ორი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, ზუგდიდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 13 377 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

























