ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, GEM FEST-ის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამის შესახებ BM.ge-ის საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.
„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისა და გამოძიების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, არაერთი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. მათ შორის: შპს „არტ პლატფორმას“ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა და ამოღება, გამოიკითხა ასობით მოწმე - ადგილობრივი სასტუმროებისა და ბინების მესაკუთრეები, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებული კვების ობიექტების წარმომადგენლები, შპს „არტ პლატფორმაში“ დასაქმებული პირები და კონტრაქტორები. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში შპს „არტ პლატფორმას“ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და შემდგომ, მისი ხარჯვის სისწორის დადგენის მიზნით, საქმეზე დაინიშნა თემატური რევიზია“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მისივე ინფორმაციით, ზემოაღნიშნულის გარდა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა შპს „არტ პლატფორმას“ საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებშიც შპს „არტ პლატფორმას“ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად 678 514 ლარი დაერიცხა.
როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, საგადასახადო მოთხოვნის შესახებ შპს „არტ პლატფორმას“ ელექტრონულად ეცნობა; საგადასახადო მოთხოვნა კომპანიამ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც კომპანიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „არტ პლატფორმას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ მოტყუებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონებრივი დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება 2017 წლის 9 აგვისტოს დაიწყო.

























