გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი სეთურიძე ეკონომიკის ექს მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის და ინფრასტრუქტურის ექს მინისტრ ზურაბ ალავიძის პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც მან BM.ge-ის განუცხადა, მისთვის ეს ფაქტი უცნობია და თავად არანაირ გამოკითხვაზე პროკურატურაში არ ყოფილა.
“ჩემთვის არაფერია ცნობილი ამ ფაქტის თაობაზე და არსად არანაირ გამოკითხვაზე არ ვყოფილვარ. არანაირი, არც ოფიცილაური და არც არაოფიციალური შეხება არ მქონია საგამოძიებო სამსახურებთან. სანამ გზების დეპარტამენტში ვმუშაობდი, იმ პერიოდში ძალიან ხშირად შემხვედრი საჭიროებიდან გამომდინარე, საგამოძიებო სტრუქტურას სხვადასხვა საქმეზე ინფორმაციას ვაწვდიდით ოფიციალურად. რაც შეეხება პირადად ჩემგან ინფორმაციის მოთხოვნას, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა სეთურიძემ.
გიორგი სეთურიძის თქმით, მას შემდეგ რაც საჯარო სამსახური დატოვა, „კერძო ბიზნესში გააგრძელა საქმიანობა“.
ცნობისთვის: მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.
ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს პროკურატურიდან მიაწოდეს.
უწყების ცნობით, ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.
„საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - განმარტავენ პროკურატურაში.

























