მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო უწყება: "ფრეგოს" დამფუძნებლებმა ბიუჯეტს 2 837 683 ლარის ზიანი მიაყენეს

5d42c2b061600
BM.GE
01.08.19 14:44
1110
"ფრეგოს" დამფუძნებლების დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული ნავთობპროდუქტების კომპანია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვ.ყ., რომლებიც მართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიებს - შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმს“.

"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გ.თ. და ვ.ყ. დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ დიდი ოდენობით დღგ-ს ყალბი აქტივის მქონე საქართველოში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომლებმაც დანაშაულებრივი შეთანხმებით, უცხოეთიდან საქართველოში „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის სახელით შემოტანილი განუბაჟებელი საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების (ინვოისების) გამოყენებით ფიქტიურად გადააწერეს ყალბი აქტივის მქონე კომპანიას, რომელმაც ყალბი აქტივით განაბაჟა საწვავი (ყალბი აქტივიდან გადახდილად აჩვენა აქციზის და დღგ-ს გადასახადი) და შემდგომში მიწოდებულად აჩვენა შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმზე“, რითაც აღნიშნულმა კომპანიებმა თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს.

საერთო ჯამში, გ.თ-სა და ვ.ყ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი, ამ ეტაპზე შეადგენს 2 837 683 ლარს.

2019 წლის 29 ივლისს, გ.თ.-სა და ვ.ყ.-ს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები