საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოელ კოლეგებსა და საქართველოს მეგობრებს მიმართავს. მიმართვის ავტორები ყველას სთხოვენ, გაიაზრონ საფრთხე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას.
„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაციის შემდეგ, პოლიტიკური მოწინააღმდეგების დევნა და დაპატიმრება დაიწყო. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი პროცესები, საქართველოს ჩამოშორება დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყნის დასავლური კურსის ღალატი, მხოლოდ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში შედის და მათი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.
ქართველი მწერლები და გამომცემლები მოგმართავთ ყველას, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს, გაიაზროთ საფრთხე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და კიდევ ერთხელ გამოხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სამართლიანი ბრძოლისადმი, რომელიც მიმართულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვისაკენ“, - ნათქვამია მიმართვაში.
ცნობისთვის: ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.
მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის, თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.