მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგანელიძე გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლოს უწოდებს

5cebd66ebc42d
თათია ჩაფიჩაძე
27.05.19 16:17
1598

„მე მსგავსი უპასუხისმგებლობა მინისტრის პოსტზე მყოფი ადამიანისგან....", - დავით საგანელიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პრეტენზიებს პასუხობს.

როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ფონდის არაეფექტურობისა და გაჭიანურებული გადაწყვეტილებების მიზეზი ბოლო თვეების განმავლობაში მინისტრის მხრიდან ხელმოწერების დაგვიანებაც იყო.

დავით საგანელიძის განცხადებითვე, გიორგი ქობულია მინისტრობისას საპარტნიორო ფონდში არასდროს მისულა.

„უცნაურია, მაგრამ მადლიერიც უნდა ვიყო ქობულიასი. რომ არ ყოფილიყო ქობულია, შესაძლოა ეს დიალოგიც არ შემდგარიყო. მე არ მიყვარს წასულ ადამიანებზე ლაპარაკი, მაგრამ რადგან ითქვა და მკითხეთ, გიპასუხებთ -  სადღაც 9 თვე იყო ბატონი ქობულია მინისტრი, არცერთხელ ის ფონდში არ ყოფილა, მიუხედავად ჩემი ბევრი თხოვნისა, წერილებიც შემიძლია განახოთ. მხოლოდ ბორდის რამდენიმე შეხვედრას დაესწრო და ორ შემთხვევაში ძალიან ჩქარობდა.

ბოლო ბორდის სხდომაზე რომელიც იანვარში შედგა, სადაც ჩამოვწერეთ ჩვენი პროექტები რომლის განხილვაც გვინდოდა. გადაიხაზა, „ეს - არა, ეს -  არა, ეს - არა“ და კითხვა დავსით კი მაგრამ თუ ეს დაწყებული გვაქვს როგორ არ? კონტრაქტიდან გამოვიდეთ? მაშინ ჩემი პოზიცია იყო საკმაოდ მკაცრი და კატეგორიული.

რაც შეეხება გადაწყვეტილებების გვიან მიღებას, აგიხსნით წესს. ჩვენ, როცა ბორდზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, ამის მერე იურიდიული დეპარტამენტი ადგენს ოქმს და ჩამოტარებაზე მიდის, რომ მინისტრებმა და ბოლოს პრემიერმა ხელი მოაწერონ; მხოლოდ ამის მერე მაქვს უფლება ქმედების.

ყველა ოქმი, რომელიც შევიდა ეკონომიკის სამინისტროში 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე, ხელი მოეწერა 7 თვის დაგვიანებით. მაგალითად, რუხის სავაჭრო ცენტრი. 2018 წლის 19 ივლისს არის შეტანილი და 2019 წლის 4 თებერვალს მოაწერა ხელი. 7 თვის განმავლობაში 5 ლარის გადახდის საშუალება არ მქონდა იმიტომ, რომ ხელმოწერილი არ იყო. ვერცერთი სტარტაპის პროექტი ვერ დავაფინანსე თვეების განმავლობაში.

ბევრი რამ მინახავს, ბიზნესში გავიარე წლები, პარლამენტში 16 წელი ოპოზიციაც და პოზიციაც, მე მსგავსი უპასუხისგებლობა მინისტრის პოსტზე მყოფი ადამიანისგან....
როცა მინიშნებები აქეთ არის მისი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს წასულ ადამიანებზე ლაპარაკი, შემიძლია შინაურულად კიდევ ბევრი რამე მოგაწოდოთ“, - განაცხადა საგანელიძემ დეპუტატებთან.

შეგახსენებთ, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში საქმიანობის ანგარიშისა და ეკონომიკური ხედვების წარდგენისას განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდის სტრატეგია და მუშაობის პრინციპები არ არის ჩამოყალიბებული და ფონდის შედეგიანობა საკმაოდ დაბალია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები