ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" დირექტორი მარიამ ჯორჯაძე ამბობს, რომ ქიმიური პესტიციდების ჭარბ გამოყენებას სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამები ახალისებს. მან ამის შესახებ BM.GE-სთან, მთავრობის მიერ დაანონსებული ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
საქმე ისაა, რომ როგორც 12 თებერვლის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ, მთავრობა პესტიციდების ფასის შესწავლასაც იწყებს. "ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე ჭარბი მოხმარების პრაქტიკა.
მარიამ ჯორჯაძე აღნიშნავს, რომ პესტიციდების ჭარბი მოხმარება, რასაც FAO-ს კვლევები ადასტურებს, მართლაც გამოწვევაა.
"უნდა ითქვას, რომ კვლევები არ არსებობს, გვაქვს FAO-ს მონაცემები, რასაც ვეყრდნობით და იმის მიხედვით ჩემპიონები ვართ რეგიონში კი არა და მგონი, მსოფლიო მასშტაბით პესტიციდების გამოყენებით, რაც ნამდვილად საგანგაშოა. უმეტესად პესტიციდებს იყენებენ ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე. ცნობიერების ამაღლების მხრივაც არაფერი არ კეთდება. არ აქვთ სპეციალური ტანსაცმელი, ინახავენ არასწორად, მერე ეს არის პრინციპში საწამლავი, რომელიც აბინძურებს გარემოს, გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე და არასწორად იყენებენ უმეტეს შემთხვევაში. ასევე, გვაქვს კანონი, რომელიც კრძალავს, რომ არ გაიყიდოს დაშლილი სახით, მაგრამ მაინც იყიდება... კიდევ ყველაზე საგანგაშო ის არის და ეს პრინციპში არსად არ ხდება, რომ პესტიციდები (ქიმიურ პესტიციდებზე მაქვს საუბარი), ხშირ შემთხვევაში ფინანსდება სახელმწიფო პროგრამების მიერ. მაგალითად, მეთხილეობის სექტორში, ვითომ ამით სექტორს ეხმარებიან, მაგრამ იმდენად არასწორად ხდება და ხშირ შემთხვევაში მერე, ვინც ამ პესტიციდებს იღებს, იყენებს არა თხილში, იმიტომ რომ ეჩვენება თხილს არ სჭირდება ეს პესტიციდები, უფრო სხვა მიზნებისთვის იყენებენ. სრული ქაოსი არის, რაც არის ზოგადად სოფლის მეურნეობაში, რომელიც არის არასწორი პროგრამების მსხვერპლი ჩვენს ქვეყანაში",- ამბობს მარიამ ჯორჯაძე.
"ელკანას" დირექტორი აღნიშნავს, რომ შედარებით მაღალი ფასები ბიოპრეპარატებს აქვს, თუმცა მისი თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც სუბსიდიით ბიოპრეპარატების გამოყენების წახალისებას ახდენენ, საქართველოში პირიქით ხდება.
"ბიოპრეპარატებზე არის ნამდვილად მაღალი ფასები ხშირ შემთხვევაში. [სხვა ქვეყნებში] თუ რამე ფინანსდება პესტიციდებზე, ეს არის ბიოპრეპარატებით ჩანაცვლება და დავუშვათ ამ შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფოები გასცემენ სუბსიდიებს, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოებრივი სარგებელი ზოგადად, გარემოსდაცვითი საკითხია. ჩვენთან პირიქით იყო აქამდე. ამ მხრივ პოლიტიკა არის არასწორი",- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.
მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული პროცესი პრობლემების რეალურად გადაჭრისთვის ხელშესახებ შედეგს გამოიღებს. ის აღნიშნავს, რომ ჭარბი მოხმარების ნაწილში ერთ-ერთი გამოსავალი სახელმწიფო პროგრამების გადახედვა შეიძლება იყოს.
"[პესტიციდების ფასების] კვლევა რას მოგვცემს საბოლოო ჯამში, მე მართალი გითხრათ, არა მაქვს იმედი, რომ შესაბამისი პასუხი იქნება, ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, როგორც იყო მაგალითად პროდუქტების გაიაფებასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამები უნდა გადაიხედოს. თუ სუბსიდია გაიცემა, უნდა გაიცეს დავუშვათ პირიქით, აი რაღაც ამ შემცირებისკენ როგორ წავიდეს, სად შეიძლება ჩანაცვლდეს ბიოპრეპარატებით. იგივე სახელმწიფო პროგრამებში გამოყენებული პესტიციდები აუცილებლად უნდა იყოს ბიოპრეპარატები და არა ქიმიური",- ამბობს მარიამ ჯორჯაძე.




























