საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს მიშა ფეიქრიშვილის განცხადებით, მათი თვითმიზანი არაა „ლეოგრანდის“ ან ნებისმიერი სხვა სასტუმროების დახურვა.
ამის შესახებ ფეიქრიშვილმა bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ხვალ, 17 აგვისტოს, 18:00 საათზე ბათუმში სასტუმრო „ველმონდი“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) დაიხურება.
„სხვა გზა არ გვაქვს. უნდა მივმართოთ უკიდურეს ზომებს - სასტუმრო ხვალ დაილუქება. ჩვენ ამაზე გავავრცელეთ საჯარო განცხადებაც, რათა გაგვეფრთხილებინა სასტუმროში მყოფი ადამიანები, ტურისტები“, - აღნიშნა ფეიქრიშვილმა.
მისივე თქმით, სასტუმროს მენეჯმენტს ჰქონდა დრო, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გაცემული 43 რეკომენდაცია შეესრულებინა, მაგრამ ამ დრომდე მათ უმრვალესობა შესრულებული არაა.
„ჩვენ ვართ მთავარი პასუხისმგებელი უწყება სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დაცვაზე და როცა შენობაში ათობით კრიტიკული პრობლემაა, მისი ფუნქციონირება არ შეიძლება და შეიცავს დიდ საფრთხეს, მითუმეტეს ზაფხულში, როცა ხანძრის რისკი მაღალია. სასტუმრო ისეთი მასალებითაა აშენებული, რომელიც სწრაფად აალებადია და შიგნით შიდა დაცვის მექანიზმები არ არსებობს; ასევე, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, სასტუმროს არ აქვს კვამლსაწინააღმდეგო და გამწოვი სისტემები. 24-სართულიან შენობაში არ არსებობს ისეთი ტიპის დაცვის მექანიზმი, რომელიც ხანძრის შემთხვევაში, იქ მყოფ ადამიანებს გადარჩენის თუნდაც მცირე შანსს დაუტოვებს“, - აცხადებს ფეიქრიშვილი.

























