საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხვალ, 17 აგვისტოს, 18:00 საათზე სასტუმრო „ველმონდს“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) დახურავს.
როგორც bm.ge-ის საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ სასტუმროს მენეჯმენტისთვის მიცემული 43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3-4 არის შესრულებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ მათი თვითმიზანი არაა სასტუმრო „ველმონდის“ ან ნებისმიერი სხვა სასტუმროს დახურვა.
„ჩვენ ვართ მთავარი პასუხისმგებელი უწყება სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დაცვაზე და როცა შენობაში ათობით კრიტიკული პრობლემაა, მისი ფუნქციონირება არ შეიძლება და შეიცავს დიდ საფრთხეს, მითუმეტეს ზაფხულში, როცა ხანძრის რისკი მაღალია. სასტუმრო ისეთი მასალებითაა აშენებული, რომელიც სწრაფად აალებადია და შიგნით შიდა დაცვის მექანიზმები არ არსებობს; ასევე, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, სასტუმროს არ აქვს კვამლსაწინააღმდეგო და გამწოვი სისტემები. 24-სართულიან შენობაში არ არსებობს ისეთი ტიპის დაცვის მექანიზმი, რომელიც ხანძრის შემთხვევაში, იქ მყოფ ადამიანებს გადარჩენის თუნდაც მცირე შანსს დაუტოვებს“, - აცხადებს ფეიქრიშვილი.

























