საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, “ყველა მსურველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაში მოხვედრის შესაძლებლობა ეძლევა”.
მისივე თქმით, სისტემის ჩამოყალიბებაზე სამსახური უცხოელ ექსპერტებთან ერთად უახლოეს მომავალში დაუწყებს მუშაობას.
“ვქმნით მოხალისეთა სისტემას და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად უახლოეს მომავალში დავიწყებთ ამ სისტემის ჩამოყალიბებას. შეიქმნება მოხალისეთა ერთიანი ეროვნული სია, ბაზა. ყველა მსურველს გაუფორმდება ხელშეკრულება ჩვენი სამსახურის მიერ. სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ჩვენ ვქმნით სასწავლო და სპორტულ სივრცეებს ჩვენი მეხანძრე-მაშველებისთვის და ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობის საშუალებას მივცემთ ყველა მოხალისეს თავისი საცხოვრებლის მიხედვით“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ამასთან, მღებრიშვილის ინფორმაციით, კანონპროექტით, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება, „დგინდება პასუხისმგებლობა წყალმომარაგების სერვისის მფლობელი კომპანიებისთვის“.
„ბოლოს, უნდა გითხრათ, რომ ამ ახალი კანონით მოწესრიგდება მეხანძრე მაშველთა განათლების საკითხი. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგვაჩნია ბაზა, სადაც გაგვაჩნია სასწავლო ცენტრი და ამ ცენტრში გადამზადებას გაივლიან ჩვენი მეხანძრე-მაშველები და სამსახურს ექნება საშაულება, რომ მეხანძრე მაშველები რიგ შემთხვევებში გააგზავნონ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.