ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ქვეყნის როლი რეგიონში, გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა-აღნიშნულ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში გამართულ საჯარო გამოსვლაში ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი გააცნო და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე.
“საქართველოს არჩევანი, გაჰყვეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, შეუქცევადია. საქართველოს ისტორია, თავისი არსით, ევროპულია ისევე, როგორც საქართველოს მომავალი. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ამ ხედვას და ჩვენს მიერ არჩეულ გეზს. წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს, ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით. მეორე მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ წინ კიდევ დიდი მუშაობა გველის”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებზე და შეხვედრის მონაწილეებს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.
“პირველ რიგში, გეგმა ითვალისწინებს: ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებულ რეფორმებს, რომელიც მოიცავს საგადასახადო ტვირთის შემცირებას; საგანმანათლებლო სისტემის რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და უმაღლესი განათლების იმგვარად ორგანიზებას, რომ კონკრეტული სფეროს სპეციალისტთა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დამყარდეს; ინფრასტრუქტურული სერვისების განვითარებას, რათა შეიქმნას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნები. ჩვენ მიზნად ვისახავთ გამოვიყენოთ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის ქვეყნის პოტენციალი, ასევე არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში; ღია მმართველობა - სხვა საკითხებს შორის, ჩვენ ვგეგმავთ კერძო სექტორის საკანონმდებლო პროცესებში ჩართვასა და საჯარო სერვისის მიწოდების შემდგომ გაუმჯობესებას და მოდერნიზებას,”-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

























