მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა - ფინეთის საზმაუ

ელინა ვალტონენი

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთა ელინა ვალტონენმა, რომელიც საქართველოს ეუთოს ხელმძღვანელის რანგში სტუმრობდა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინურ მედიას განუმარტა, რომ შეხვედრა წინა საღამოს ფინური მხარის ინიციატივით გაუქმდა. მიზეზები მინისტრის გრაფიკს უკავშირდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია, რომ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააუქმა, მცდარია. ვალტონენის გრაფიკი შეიცვალა, რადგან აზერბაიჯანში გამგზავრება დაგეგმილზე ადრე მოუწია. ამჟამად ის აზერბაიჯანში იმყოფება და პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც შეხვდა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაცია გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც საქართველოში ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებში იმყოფებოდა, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გააუქმა. მიზეზად ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე მისვლა დაასახელა, სადაც 300 დღეზე მეტია მთავრობის საწინააღმდეგო აქცია იმართება.

"გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა", - ეწერა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

BMG მთავრობის ადმინისტრაცია დაუკავშირდა, როგორც პრესსამსახურში გვითხრეს საკითხზე დამატებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთოში ფინეთის თავმჯდომარეობის სამუშაო ჯგუფის პრესსამსახური „ნეტგაზეთსაც“ უდასტურებს, რომ ელინა ვალტონენისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა ფინური მხარის ინიციატივით გაუქმდა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ საღამოს, გრაფიკთან დაკავშირებული მიზეზების გამო გააუქმა. სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის პირველი გაჩერება აზერბაიჯანი უნდა ყოფილიყო და ვიზიტი თავდაპირველად ორშაბათს იყო დაგეგმილი. თუმცა, ის გაუქმდა, რადგან აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, მინისტრ ვალტონენის დაგეგმილი ვიზიტის პარალელურად, ეგვიპტეში, ღაზას საკითხზე გამართულ „მშვიდობის სამიტს“ ესწრებოდა. გუშინდელი მონაცემებით, ბაქოში ვიზიტი წარმატებით გადაინიშნა დღეისთვის“, - ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები