საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება.
"სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
"სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები", - წერია სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ, 19 ოქტომბერს, ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.
"ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით შეტანილ ამ სარჩელებს, მათ შორის უახლეს მოვლენებსაც, ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქმედებებს. ეს მოვლენები, უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზებაზე. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ძირი გამოეთხაროს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას", - განაცხადეს ევროკომისიაში.
























