მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო უწყება საზღვარგარეთ 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმებას უარყოფს - განმარტება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ღონისძიება უქმდება სან-ფრანცისკოში საქართველოს საკონსულოში და ესტონეთში საქართველოს საელჩოში, სამინისტრო განმარტავს, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და აუცილებლად ჩატარდება.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, მიღების გამართვა არ ხდება ზუსტად 26 მაისს და წელს, ზოგიერთ საელჩოს ივნისის ბოლოსაც აქვს დაგეგმილი.

„ყოველწლიურად საქართველოს დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ, ერთიანი სამთავრობო კონცეფციის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნავენ ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. როგორც წესი, ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უშუალოდ სადღესასწაულო თარიღზე ვერ ხერხდება და ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოში - როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შემთხვევაში, ასევე საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. განსაკუთრებით, ეს ეხება საელჩოს სახელით გამართულ მიღებას, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა ფაქტორი. შესაბამისად, ყოველ წელს, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, მიღების გამართვა არ ხდება ზუსტად 26 მაისს. წელსაც, 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს დაგეგმილი აქვს მიღების გამართვა მაისის მეორე ნახევარში/ივნისის დასაწყისში, ნაწილს ივნისის შუა რიცხვებში, ზოგიერთს - ივნისის ბოლოსაც კი.

ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება. სიუჟეტში ნახსენები ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები