საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური დესპანების შესარჩევი კონკურსი დასრულებულია.
როგორც bm.ge-ის უწებაში განუცხადეს, კონკურსის შედეგად შერჩეულია 7 კანდიდატი.
„ეს კანდიდატები დაასრულებენ დიპლომატიურ აკადემიაში სპეციალურად შემუშავებული ინტენსიური კურსის გავლას, რის შემდეგაც მივლინებული იქნებიან შესაბამის ქვეყნებში“, - მოგვწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
ამასთან, ზალკალიანის უწყებაში, ეკონომიკური დესპანობის კანდიდატების ვინაობას, ჯერჯერობით, არ ასახელებენ, ვიდრე - „პოზიციებზე ოფიციალურად არ დაინიშნებიან“.
ცნობისთვის: მთავრობა რომ კომერციული ატაშეების ინსტიტუტს შექმნიდა, ეს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2016 წლის 13 ივნისს, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე დაანონსა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო. 2016 წლიდან დღემდე სულ ხუთჯერ შეიცვალა ეკონომიკის მინისტრი - ამ პერიოდში ქუმსიშვილს მეორე წრეზეც მოუწია ეკონომიკის მინისტრობა. მინისტრის პორტფელი ებარა გიორგი გახარიას, ასევე რამდენიმე კვირა - გიორგი ჩერქეზიშვილს, რვა თვით მინისტრი იყო გიორგი ქობულიაც და უკვე მე-6 მინისტრია ნათია თურნავა, თუმცა 6 კომერციული ატაშე, რომელსაც შემდეგ მე-7 ქვეყანაც დაემატა, ამ დრომდე არაა დანიშნული.
სამი წლის განმავლობაში - 2016 წლიდან 2019 წლამდე მინისტრების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა მთავრობის „გემოვნება“ კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შესახებ. ბოლო ინფორმაციით, კომერციული ატაშის ნაცვლად პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური დესპანები უნდა დაინიშნოს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რანგით უფრო მაღლა დგას, ვიდრე - ატაშე.
ეკონომიკური დესპანები 7 სამიზნე ქვეანაში დაინიშნებიან. მათ შორისაა: აშშ, გერმანია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი და იაპონია. დესპანების მთავარი ფუნქცია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა.

























