მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო ვალი და სავალო კრიზისი

58ec8daccb382
ტარიელ გვალია, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი
11.04.17 12:00
2852
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნის საგარეო ვალის შესახებ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ინფორმაციის მიხედვით საგარეო ვალის მთლიანი მოცულობა შეადგენს 15, 5 მილიარდ აშშ დოლარს. მათ შორის:

სახელმწიფოს საგარეო ვალი:

- სამთავრობო სესხების ვალი - 4, 7 მილიარდი $
- ეროვნული ბანკის ვალი - 0,2 მილიარდი $

კერძო სექტორის ვალი:

- საბანკო სექტორის ვალი - 3,1 მილიარდი $
- არასაბანკო სექტორის ვალი - 5,1 მილიარდი $

ამათ გარდა:

- კომპანიათაშორისი ვალები - 2,4 $ მილიარდი
(მ. შ. სახელმწიფო კომპანიების ვალები - 1,7 $ მილიარდი)

რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ინფორმაციიდან? მთლიანი ვალის სოლიდურობის მიუხედავად ქვეყანას შეუძლია ამ ვალის მომსახურება. თუმცა ყველა პოზიციაში ვითარება ერთნაირად სტაბილურად არ გამოიყურება.

სამთავრობო ვალის ძირითადი ნაწილი გრძელვადიანია. მოკლევადიანია მხოლოდ 97 $ მილიონი და ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით რეალურად მოხდება ვალის მომსახურება. ეროვნულ ბანკს რეალურად ვალი არ აქვს და ხსენებული 200 $ მილიონი მხოლოდ აღრიცხვის მიზნებისთვის ხვდება ვალდებულებებში და მისი გადახდა გათვალისწინებული არ არის.

საბანკო სექტორის 3,1 $ მილიარდი ვალიდან 1,6 $ გრძელვადიანია, ხოლო 1,5 $ მოკლევადიანი, რომლის მომსახურება და/ან გადაკრედიტება საბანკო სექტორს არ გაუჭირდება (საბანკო სექტორის ლიკვიდური სახსრები 2,65 $ მილიარდს შეადგენს). ეს კარგა ხანია მისთვის მიმდინარე საქმიანობას - ლიკვიდობის მართვის პროცესს წარმოადგენს.

ყურადღება მინდა მივაქციოთ არასაბანკო სექტორის საგარეო დავალიანებას. 5,1 $ მილიარდი დავალიანებიდან 3,8 $ გრძელვადიანია, მაგრამ დიდ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს კორპორაციული სექტორისაგან. რაც შეეხება 1,3 $ მილიარდს, ის მოკლევადიანია და ერთ წელიწადში მოითხოვს მომსახურებას და ამ ჩამონათვალში ყველაზე სუსტი წერტილია. ეს დავალიანება ჩამოყალიბდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უცხოური ბანკების მიმართ ძირითადად ბოლო ათწლეულში, მას შემდეგ რაც კომპანიებს გაუჩნდათ ქართული ბანკების რეალური ალტერნატივა სახსრების მოსაზიდად.

ასევე, 2,4 $ მილიარდის დავალიანება აქვთ ქართულ კომპანიებს მომწოდებლებისა და პარტნიორების მიმართ. ეს არ არის მიმდინარე წელს გადასახდელი და ბოლო პერიოდის განმავლობაში ექვივალენტურ თანხას შეადგენს, მაგრამ მართვას და მომსახურებას მოითხოვს. საშუალოვადიან პერიოდში იქნება ასევე დასაფარი სახელმწიფო კომპანიების 1, 7 $ მილიარდი (სესხებისა და ობლიგაციების ჯამი).

რა ღონეს შეიძლება მიმართონ კომპანიებმა იმ შემთხვევაში თუ მათ მიმდინარე (მოკლევადიანი) ვალის მომსახურება გაუჭირდებათ?

გადააკრედიტონ თავიანთი ვალები ქართული ბანკების საშუალებით ან გაზარდონ კაპიტალიზაცია. ამ მოცულობით გადაკრედიტება ქართულ ბანკებში ძალზე ძნელი იქნება და ბანკებიც აქტიურად არ წავლენ ამაზე, რადგან კორპორაციული სექტორი მაღალი ლევერაჟით მუშაობს (ვალის შეფარდება კომპანიის კაპიტალთან) და მის გაზრდაში ბანკები კაპიტალის დიდ რისკს ხედავენ. კაპიტალიზაცია ყველაზე კარგი გამოსავალია, მაგრამ მოგების მარჟები ისეთი აღარ არის როგორც წინა ათწლეულში იყო. შესაბამისად, უნდა მოხდეს ახალი კაპიტალის მოზიდვა. ეს კი კორპორაციული მართვის ახალ დონეს მოითხოვს, რისთვისაც ქართული კორპორაციული სექტორი მზად არ არის. სამწუხაროდ, ასევე არ გვაქვს კაპიტალის ბაზარი, არ გვაქვს ფუნქციონირებადი საფონდო ბირჟა, კვალიფიციური ინვესტორები და ა. შ.

2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, მაგალითად ესპანეთში, მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა ესპანური კომპანიების „საგარეო“ ვალებმა და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ფინანსური კრიზისი გამოიწვია. ეს საკითხი მნიშვნელოვანია და შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას ხელისუფლებისგანაც მოითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები