საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას საგრანტო პროექტების დამტკიცების სტატისტიკა წარადგინა. მინისტრის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობას უარი არ უთქვამს არცერთ პროექტზე, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ იყო მიმართული.
ბოჭორიშვილის განცხადებით, 2025 წლის 16 აპრილიდან 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციაში 165 საგრანტო განაცხადი განიხილეს.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ საგრანტო პროექტზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არ იყო, უარი არ თქმულა... დადებითი რეკომენდაციის მაჩვენებელი არის 95%-ზე მეტი“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე მტკიცებით, 2024-2025 წლებში მიღებული კანონების (რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება) გამო, არცერთი პროექტი არ შეჩერებულა ან გაუქმებულა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ე.წ. გამჭვირვალობის კანონმდებლობის აუცილებლობას და ის ქვეყნის სტაბილურობას დაუკავშირა.
„ვფიქრობ, დღეს აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. დღეს თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიწვევით, ინტერპელაციის ფორმატში იმყოფებოდა.
გასული წლის 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდა „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად გაეუქმებინა დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნო გამჭვირვალობის ხელშეწყობას.
მოგვიანებით ინტერნეტგამოცემა „ტაბულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შეეხო და მოიგო 50 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობის გრანტი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას უნდა მოხმარებოდა.
იმავე დღეს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია სხვა პოტენციურ ბენეფიციარებთან დაკავშირებით, რომელთა შორისაც დასახელდნენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კანონის უზენაესობის ცენტრი“ და „საქართველოს მომავლის აკადემია“.




























