განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი ახალგაზრდების საგრანტო პროგრამის დაწყებას აანონსებს და ამ მიმართულებით სოლიდური ფინანსური ინვესტიციების განხორციელებისთვის მზაობას გამოთქვამს, - ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის წარდგენისას განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პროგრამა ორკომპონენტიანი იქნება, თუმცა არ დაუზუსტებია, რამდენი პროექტის დაფინანსება მოხდება თითოეული მიმართულებით.
„საგრანტო პროგრამა ორკომპონენტიანია. პირველი - ეს არის მცირე გრანტები, რომლებიც მთლიანად რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებზეა გათვლილი, რომ არ გამოგვრჩეს ეს მიმართულება და მათი ინტერესების მიხედვით, ყველა პროექტი, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, შევეცდებით რომ დავაფინანსოთ. ერთი პროექტის ჯამური ღირებულება 15 000 ლარი იქნება;
მეორე, საგრანტო კონკურსის უფრო ფართომასშტაბიანი მიმართულებაა, ეს არის ახალგაზრდა ორგანიზაციები. ჩვენ ასევე გვინდა ფართო შესაძლებლობა მივცეთ ყველა იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელსაც კრეატიული და მნიშვნელოვანი იდეები აქვთ, იმისთვის რომ ჩვენი ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთონ. თითოეული ასეთი საგრანტო პროექტის ღირებულება 100 000 ლარი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ასეთი საგრანტო კონკურსი საქართველოში ათწლეულებია არ ყოფილა: „ჩვენ ამ მიმართულებით სოლიდური ფინანსური ინვესტიციის განხორციელებისთვის მზად ვართ“.