სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასრულა მსოფლიო ბანკის პროექტის - „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ (SRAMP) დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც 2016 წლის 6 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში ასახულია აუდიტორული კვლევის შედეგად გამოვლენილი მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორულმა ჯგუფმა შეიმუშავა.
დამოუკიდებელი აუდიტის შედეგად, აუდიტს არ გამოუვლენია შეუსაბამობები იმ პროცედურების, წესებისა და სახელმძღვანელოების მოთხოვნებთან, რომლებიც მსოფლიო ბანკისა და გზების დეპარტამენტს შორის შეთანხმებით იქნა დადგენილი. თუმცა, აუდიტმა გამოავლინა ორი არე, სადაც შესაძლებელია საქმიანობის გაუმჯობესება:
ა) აუდიტმა ვერ მოიპოვა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ხუთწლიანი პროგრამისა და წლიური გეგმის განახლების პროცესში უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობას. მომზადების პროცესი არ არის საკმარისად გამჭვირვალე. გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოახერხა ხუთწლიანი პროგრამისა და წლიური გეგმის მთავარი პრიორიტეტების, კრიტერიუმებისა და ცვლილებების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირებულობაზე დაკვირვება და შეფასება.
აუდიტი გასცემს რეკომენდაციას, რომ ხუთწლიანი პროგრამა ფორმალურად დამტკიცდეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ;
ბ) ასევე გამოვლინდა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ არ ხდება შიდასახელმწიფოებრივი გზების სავარაუდო სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასება. აუდიტის მოსაზრებით, სასურველია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დანერგოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გზების სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასებას სამუშაოების დაწყებამდე.
ზემოთ მოყვანილი მიგნებებისა და რეკომენდაციების გარდა, აუდიტს არ გამოუვლენია საქმიანობასთან დაკავშირებული რაიმე სახის ნაკლოვანებები ან დარღვევები.
„გზების სასარგებლო მომსახურების ვადა განსხვავებულია და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის: შესრულებული სამუშაოების ტიპი, საავტომობილო ნაკადის ინტენსივობა და ადგილობრივი კლიმატი. სას-მა გამოავლინა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, წლიური გეგმის შემუშავების პროცესში, არ ხდება შიდასახელმწიფოებრივი გზების სავარაუდო, სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასება. შედეგად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ აქვს შესაძლებლობა დაასაბუთოს, ირჩევს თუ არა საუკეთესო ვარიანტს მოვლა-შენახვის, პერიოდული მოვლა-შენახვისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს შორის.
შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სასურველია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს გზების სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასებას სამუშაოების ტიპის მიხედვით. შეფასების გაკეთება შესაძლებელია წარსული გამოცდილების, სამუშაოების ტიპის, წლის საშუალო დღიური ნაკადისა და რეგიონული კლიმატის საფუძველზე. აუცილებელია სხვადასხვა სამუშაოების (მოვლა-შენახვა, პერიოდული მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია) მოსალოდნელი შედეგების ურთიერთშედარება, შემდგომში მათგან ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შესარჩევად“, - ნათქვამია დასკვნაში.

























