საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, „საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში“.
ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა ევროკავშირში ინტეგრაციის მთავრობისეული საგზაო რუკა, რომელიც „ჩვენი რეფორმების კონსოლიდაციას ახდენს თანამშრომლობის ყველა იმ ინსტრუმენტთან ერთად, რაც დააჩქარებს და დააწინაურებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“.
„რაც შეეხება საგზაო რუკას, ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი მეგობრებისთვის წარგვედგინა დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ და გულისხმობს ინტეგრაციის გაგრძელებას ევროპულ სტრუქტურებში.
საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ათი წლის წინ, როდესაც დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის განხორციელება, ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო.
საქართველომ ამას თავი წარმატებით გაართვა, მაგრამ ვფიქრობთ, არის შესაძლებლობა, გაგრძელდეს ინტეგრაცია და გახდეს ფოკუსირებული კონკრეტულ სექტორებზე.
ვინაიდან დღეს დავიწყეთ კონსულტაციები, დეტალებზე საუბარი, შეიძლება ნაადრევი იყოს, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული საგზაო რუკა დაგვეხმარება, საქართველოში მოვახდინოთ დემოკრატიის კონსოლიდაცია, ავიყვანოთ ჩვენი წარმატება ახალ დონეზე, გავუმკლავდეთ იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა, წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე ძირეული, მათ შორის სტრუქტურული რეფორმები, რომელიც ყველა მიმართულებას ეხება. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო განათლების სექტორი. ვფიქრობ, აღნიშნული დოკუმენტი დაგვეხმარება იმაში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ორიენტირი, როგორ ვითარდება და პროგრესირებს საქართველო ევროპული მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

























