2024 წელს საქართველოდან სატვირთო საჰაერო გადაზიდვები წლიურად 34%-ით გაიზარდა. ჯამში სატვირთო ავიაკომპანიებმა 26.2 ათასი ტონა ტვირთი გადაზიდეს.
TBC Capital-ის შეფასებით, ზრდა სხვადასხვა ფაქტორით აიხსნება მათ შორის, წითელი ზღვის კრიზისით, რამაც საზღვაო მარშრუტების შეფერხება გამოიწვია და ტვირთების გადაზიდვა საჰაერო გზით დაიწყო. მეორე მიზეზად ორგანიზაცია ელექტრონული ვაჭრობის ზრდას ასახელებს, ასევე გაზრდილია ჩინეთში გაზრდილი ტვირთების მოცულობაც.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სამი საერთაშორისო აეროპორტია, კარგო ტერმინალი მხოლოდ თბილისის აეროპორტს აქვს. TBC Capital-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგულარულ რეისებს სამი სატვირთო კომპანია ასრულებს მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანსა და თურქეთში.
რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, 2024 წელსაც ტრადიციულად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერობდა, რომელმაც შარშან 29%-იანი ზრდა აჩვენა და 4 750 425 მლნ მგზავრს მოემსახურა. მეორე ადგილზეა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1 722 804 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. ბათუმის აეროპორტს რაც შეეხება, რომელიც უფრო სეზონურად მიიჩნევა, 2024 წელს 53%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 951 766 მგზავრს მოემსახურა.
ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერი კვლავ უნგრული ბიუჯეტური Wizz air-ია, რომელმაც 2024 წელს ქუთაისიდან 1 454 078 მლნ მგზავრი გადაიყვანა. მეორე ადგილს თურქეთის სახელმწიფო კომპანია Turkish Airlines-ი იკავებს 553 349 მგზავრით; მესამე ადგილზეა თურქული ბიუჯეტური Pegasus 546 211 მგზავრით; მეოთხე ადგილს Georgian Airways-ი იკავებს 515 113 გადაყვანილი მგზავრით; მეხუთე ადგილზე კი აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Azerbaijan Airlines-ია 412 980 მგზავრით.




























