საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, მას "მაესტროს“ დირექტორი ზურაბ ნაყეური სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
"დღეს ჩემთვის უცხო ნომრიდან ვიღაცამ დამირეკა და ,,მაესტროს“ დირექტორი, ზურაბ ნაყეური ვარო მეუბნება. გუშინდელი ჩემი კომენტარი (რომელიც "მაესტროს“ 32 თანამშრომლისათვის შრომითი ურთიერთობის შეჩერებას ეხებოდა) არ მოეწონა თურმე, იდიოტურ განცხადებებს აკეთებო და სასამართლოში ჩივილით "დამემუქრა“ განვუმარტე, რომ ამის უფლება ჰქონდა. მგონი მართლა უკვირს, რატომაა დაუსაბუთებელი და უკანონო დამსაქმებლის მიერ თანამშრომლების სურვილის გარეშე მათი გაფიცულებად გამოცხადება. ახალ ფურცელს შლის შრომით სამართალში“, - წერს საიას ადვოკატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საია "მაესტროს“ გადაცემების - "ბიზნესკონტაქტისა“ და "საქმიანი დილის“ უფლებამოსილებაშეწყვეტილი თანამშრომლების საქმეს შეისწავლის.

























