2025 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბადრიჯანი 46%-ით გაძვირდა. რამ გამოიწვია გაძვირება, ზუსტი მიზეზი ბუნდოვანია, თუმცა ცნობილია, რომ ამ პერიოდში საქართველოში ძირითადად, იმპორტირებული ბადრიჯნის რეალიზაცია ხდება, იმპორტის მონაცემები კი მცირედით შემცირებულია.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 789 250 აშშ დოლარის 1085 ტონა ახალი ან გაცივებული ბადრიჯანი შემოვიტანეთ, გასულ წელს კი, ანალოგიურ პერიოდში ოდნავ მაღალი მონაცემი დაფიქსირდა - 899 840 აშშ დოლარის 1196 ტონა.
ბადრიჯნის იმპორტი შემცირებულია წლიურ ჭრილშიც. 2024 წელს ჯამურად 6,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 8531 ტონა ბადრიჯანი შემოვიტანეთ, 2023 წელს კი 7 მლნ აშშ დოლარის 9213 ტონა.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, ბადრიჯანს ძირითადად ვყიდულობთ თურქეთში, სადაც მიმდინარე წლის ორ თვეში 696 400 დოლარის ბადრიჯანი შევიძინეთ, მეორე ადგილზე კი ირანია - 92 770 აშშ დოლარის 127 ტონა ბადრიჯნით.
ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკა კი მწირია. მაგალითად, წელს მხოლოდ სომხეთში გავიტანეთ ქართული ბადრიჯანი და ისიც 18 180 აშშ დოლარის ღირებულების 17 ტონის ოდენობით.

























