„ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას თქმით, ჯგუფში შემავალი სასტუმროები ვიზიტორებს მრავალფეროვანი ბაზრებიდან იღებენ - როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნებიდან.
"ინნ ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ, ქუთაისი ინნ, და გორი ინნ. როგორც ერეკლე კოკაიამ BMG-სთან განაცხადა, მათი სტუმრები ძირითადად არიან: სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან. ევროპიდან კი გამორჩეულად აქტიური პოლონეთია.
„მაღალი სეზონი დაიწყო, ესაა ძირითადად მაისიდან სექტემბრის ჩათვლით და შესაბამისად, დატვირთულობაც მოიმატებს - თუ აქამდე 60%-მდე იყო, ახლა საშუალოდ 80% იქნება. საბედნიეროდ, კვლავ მრავალფეროვანია ჩვენი ბაზარი, არის როგორც სამხრეთ კორეა, ისე ჩინეთი, რომელიც ახლა დაგვემატა, ასევე არაბული ბაზრები, ისრაელიდანაც საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავს, ევროპიდან ძირითადად არიან პოლონელები“,- განაცხადა კოკაიამ.
მისივე თქმით, პანდემიამდე ევროკავშირიდან ბევრად მეტი სტუმარი იყო, გამორჩეული აქტიურობა კი გერმანიიდან ფიქსირდებოდა. ერეკლე კოკაია იმედოვნებს, რომ მარკეტინგული სტრატეგია ევროკავშირიდან მეტი ტურისტის მოზიდვის მიმართულებით გააქტიურდება.
„სანამ პანდემია დაიწყებოდა, ბევრად მეტი ტურისტი გვყავდა ევროკავშირიდან. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ გერმანელი ტურისტები. ახლა, ჩვენს სასტუმროებში ვერ ვგრძნობთ, რომ ბევრი გერმანელი ტურისტი გვყავს, რაც სამწუხაროა, რადგან ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბაზარი იყო. იმედია, მარკეტინგული სტრატეგია შეიცვლება იმ მიმართულებით, რომ გერმანიიდან და ზოგადად, ევროკავშირიდან მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ“,- აღნიშნა „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.