მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საიდანაც ქარი დაუბერავს, ვცდილობთ იქით წავიდეთ“ - გიორგი დარციმელია საქართველოს ტურიზმზე

646c7e59815d7
თამთა ჯიჯავაძე
23.05.23 18:01
980
სერტიფიცირებული გიდის, გიორგი დარციმელიას აზრით, საქართველოს ტურიზმის გასავითარებლად საჭიროა კარგად გაწერილი სტრატეგია. როგორც გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას, დარციმელიამ აღნიშნა, მასტურიზმი საქართველოს საქმე არ არის.

„უნდა გავყიდოთ ყველაფერი, რის გაყიდვაც შეიძლება. უნდა ვსპეციალიზდეთ დამატებითი ღირებულების პროდუქტებზე, რაც შემოსავალს მოიტანს. მასტურიზმი არ არის საქართველოს საქმე. თუმცა დღეს მასტურიზმიც არ ვართ, ქაოსური ტურიზმი გვაქვს, საიდანაც ქარი დაუბერავს, ვცდილობთ იქით წავიდეთ... არ შეიძლება ასე დაუგეგმავად და ქაოსურად... შეიძლება ასე დაიწყო, მაგრამ ათეულობით წელი რომ გადის და არ ალაგებ სტრატეგიას და არ მიჰყვები მას, ასევე, კონკრეტული ბაზრების და რეგიონების კუთხით განვითარება არ ხდება და ასევე არ ხდება დივერსიფიცირება...“, - ამბობს გიორგი დარციმელია.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ "ტურიზმის სტრატეგია 2025"-ში წერია, რომ 2025 წლისთვის საქართველო ცნობილი იქნება, როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მაღალი ხარისხის ტურისტული ქვეყანა, გამორჩეული თავისი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მსოფლიო დონის მომსახურებითა და სტუმარ-მასპინძლობის უძველესი ტრადიციით. ამავე სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მაღალგადახდისუნარიანი ტურისტული ბაზრებიდან საჰაერო მგზავრობის გამარტივება. ამას ამბობს სერტიფიცირებული გიდი გიორგი დარციმელიაც.

„ტურისტული კომპანიები დავდივართ გამოფენებზე და როდესაც მივმართავთ ქვეყნებს, საიდანაც ძალიან გვინდა რომ ტურისტები გვყავდეს, გვეუბნებიან რატომ არ ვაკეთებთ მათ ქვეყნებში საქართველოს პრომოუშენს. მაგალითად, კანადელებთან გვქონია საუბარი, ასევე გერმანია, რომელსაც აქვს სურვილი, მაგრამ კლიენტის მხრიდან არ აქვს მოთხოვნა. იგივე სკანდინავიის ქვეყნები, რომელიც საქართველოსთვის იდეალური ბაზარია, კარგი გადამხდელია, განსაკუთრებული პროდუქტები სჭირდება და ასევე პირდაპირი ფრენები. აი, ვისთან გვჭირდება პირდაპირი ფრენები და არა რუსეთთან. ამ მიმართულებით აქტიურად სამუშაოებია საჭირო“, - აცხადებს სერტიფიცირებული გიდი.

თუმცა, ჯერჯერობით საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით რუსი ტურისტები შემოდიან. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 873 300 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 220 700 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3%-ს შეადგენს ანუ პირველ კვარტალში შემოსული ვიზიტორების მეოთხედი რუსეთზე მოდიოდა. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობაც რუსეთიდანაა ანუ ერთი ვიზიტორი რამდენჯერმე შემოვიდა პირველ კვარტალში. რეიტინგში მეორე და მესამე ადგილზეა მეზობელი თურქეთი და სომხეთი. ევროკავშირის ქვეყნები კი რეიტინგის ბოლოშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები