ბიზნეს საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის მეორე ადგილზე კვლავ ბიუროკრატიული ბარიერებია - ამის შესახებ 2025 წლის მეორე კვარტალის BAG ინდექსში იკითხება, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე დიდი ხანია, თითქმის ყველა სექტორში საუბრობენ.
ბიუროკრატიული ბარიერები რომ უნდა შემცირდეს და ამ კუთხით პროცესების გამარტივება უნდა მოხდეს ამას ამბობს ჩვენთან ინტერვიუში "იბერკომპანი ჰოლდინგი"-ის დირექტორიც. ლევან დიასამიძის თქმით, ამ მიმართულებით პოზიტიური ძვრები არის, თუმცა უფრო მეტია საჭირო, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე საინვესტიციო პროექტებს ეხება.
“ვთვლი, რომ როდესაც საინვესტიციო პროექტებზეა საუბარი, ეს იქნება დეველოპმენტი, ჰესების განვითარება, ქვეყნის სტრატეგიული პროექტები, აქ ბიუროკრატია მინიმუმამდეა დასაყვანი. არ შეიძლება, დავხუჭოთ თვალები და ვთქვათ, რომ ბიუროკრატია არ არის, არის ბიუროკრატია.
გარკვეული პროექტები დროში გადავადებულია, ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარების კუთხით ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციული ნაწილის დალაგება მარტივი გამოსავალია. გარკვეულ ნაბიჯებს ვხედავ, მაგრამ სასურველია, რომ ბიუროკრატიის აღმოსაფხვრელად ბევრად მეტი გაკეთდეს. განსაკუთრებით საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, - ამბობს "იბერკომპანი ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან დიასამიძე.




























