მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულების პროტესტი გრძელდება - რას ითხოვენ დასაქმებულები?

63fb691d4784e
BM.GE
26.02.23 18:25
830
კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაფიცვა გრძელდება. პროტესტის მე-14 დღეს გაფიცულებს სხვადასხვა ქარხნის პროფესიული კავშირების წარმომადგენლების შეუერთდნენ და მხარდაჭერა განუცხადეს. აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ინფორმაციით, რომელიც გაერთიანების Facebook-გვერდზე ახლდება „საირმე მინერალ ვოთერსის“ მხარდამჭერი აქცია დღეს 14:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

პროფკავშირის LABOR-ის ხელმძღვანელის ცნობით, გაფიცულები დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ხელისუფლების ჩართულობას, გაფიცულების სამართლიანი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში „საირმე მინერალ ვოთერსისთვის წყლის მოპოვების ლიცენზიის ჩამორთმევას, ქარხნის სახელმწიფოს მფლობელობაში გადაცემა და ამ ხალხის დასაქმებას ითხოვენ. მათ მოთხოვნებშია ასევე ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნა და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.

პროტესტის მონაწილეების დღის განმავლობაში მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ, თუმცა როგორც Labor-ის ხელმძღვანელმა BM.GE-ს უთხრა ამ დროისთვის გზა თავისუფალია, რადგან გადაკეტვის მცდელობისას სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაარბიეს. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მხარეებს შორის მოლაპარაკებების დანიშვნა ხუთშაბათს - 2 მარტს ითხოვეს. თუმცა გაფიცულებმა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად პირველ რიგში მათი კუთვნილი ხელფასების დარიცხვა ითხოვეს, რაზეც პასუხი არ მიუღიათ.

ამ დროისთვის აქციის მხარდაჭერთა ნაწილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისკენ მიემართება, ნაწილი კი საირმის ქარხნის ტერიტორიაზე რჩება.

ცნობისთვის: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.

მათი ინფორმაციით, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვდა შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საირმე მინერალ ვოთერსი“ დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის, რაც 1500 ლარითაა განსაზღვრული. ასევე ისინი ამბობენ, რომ მენეჯმენტი დასაქმებულებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზად არის. კომპანიის ამ განცხადებას გაფიცულთა უფლებადამცველი პროფკავშირში არ ეთანხმებიან და სიცრუეს უწოდებენ. მათი ცნობით, დასაქმებულთა დარიცხული სახელფასო ანაზღაურება 800 ლარს არ აღემატება. გაფიცულები და მათი უფლებადამცველი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს პროცესებში ჩართვის მოთხოვნით მიმართავს. "საირმე მინერალ ვოთერსში" კი აცხადებდნენ, რომ ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად გიორგი დიასამიძის გარეშე დიალოგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები