აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით ბაღდათის რაიონის სოფელ საირმეში „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულთა მხარდასაჭერად 26 თებერვალს აქცია გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირები ავრცელებენ.
„საირმე მინერალ ვოთერსის დასაქმებულები 13.02.2023-დან გაფიცულები არიან უვადოდ და უწყვეტად მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. მშრომელები ითხოვენ ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და იბრძვიან სამართლიანობის აღდგენისთვის.
მთავარი პასუხისმგებლობა და არჩევანი ამ ვითარებაში საზოგადოებაზეა, რაც გამოიხატება ჩართულობასა და სოლიდარობაზე. დროა საზოგადოებამ აიღოს პასუხისმგებლობა სამართლიანი და თანასწორი გარემოსთვის ბრძოლაზე.
გვახსოვდეს, პროტესტის უგულებელყოფა მოქალაქეების მხრიდან ხელსაყრელ პირობებს უქმნის უთანასწორობის გაღრმავებას, ამ შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ზრდის იმის ალბათობას, რომ ძლიერის მიერ დაიჩაგრება სუსტი. ამისთვის გავლენიანი და პრივილეგირებული ძალები ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუწყონ ნიჰილიზმისა და უიმედობის ჩანერგვას საზოგადებაში.
ასევე შეგახსენებთ, რომ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ფასეულობა მდგომარეობს სამოქალაქო სოლიდარობის მაღალ ხარისხში.
ჩვენ ვირჩევთ დემოკრატიას, ვდგავართ სიმართლის მხარეს და უფლებას არ ვაძლევთ „ძლიერს“ დაჩაგროს „სუსტი“. ამ მიზნით ვიკრიბებით, კვირას, 26 თებერვალს, 14:00 საათზე, გაფიცულთა მხარდასაჭერად საირმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იკეტება ყველაფერი.
რადგან ხელისუფლებას და დამსაქმებლებს არ ესმით ჩვენი ხმა, უფრო ხმამაღლა მივმართოთ“, - ნათქვამია Labor-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი თავის წევრებს, მეგობარ პროფკავშირებს და მათ წევრებს, გაერთიანებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს გაფიცულთა მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნია, რომ LABOR-ის ორგანიზებული აქციის გამართვა თავდაპირველად 24 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა ორგანიზატორებმა თარიღი შეცვალეს.
ცნობისთვის: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.
მათი ინფორმაციით, დღეისთვის, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვს შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საირმე მინერალ ვოთერსი“ დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის, რაც 1500 ლარითაა განსაზღვრული. ასევე ისინი ამბობენ, რომ მენეჯმენტი დასაქმებულებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზად არის. კომპანიის ამ განცხადებას გაფიცულთა უფლებადამცველი პროფკავშირში არ ეთანხმებიან და სიცრუეს უწოდებენ. მათი ცნობით, დასაქმებულთა დარიცხული სახელფასო ანაზღაურება 800 ლარს არ აღემატება. გაფიცულები და მათი უფლებადამცველი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს პროცესებში ჩართვის მოთხოვნით მიმართავს.