მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საირმე“ ნორმალური ოპერირებისთვის სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვს - ივა ჭყონია

6409b7e945b45
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.23 15:56
902
„საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცულებთან მოლაპარაკებების პროცესს შეუთანხმებლობის გამო სამართლებრივი გზით გააგრძელებს. კომპანია სრულყოფილი ოპერირების მიზნით სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ მინერალური წყლის მწარმოებელი „საირმე მინერალ ვოთერსი“ ასოციაციის წევრია და სწორედ ამიტომ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი 7 მარტს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. ივა ჭყონია ამბობს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

„ყველა იმ პუნქტზე გვქონდა საუბარი, რომელიც გაწერილია მოთხოვნებში და მე როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ვიყავი გარანტი, რომ 7 მარტს გაკეთებული შეთავაზებები შესრულდებოდა. კომპანია საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოსთვის მიმართვას აპირებდა, მაგრამ მედიაციის პროცესში ჩართვისას ვთხოვე დამსაქმებელს, შეეჩერებინათ ეს პროცესი და მოლაპარაკებისას ყველა რესურსი გამოგვეყენებინა.

შეთავაზების განსახილველად და შეთანხმებისთვის გაფიცულებს 8 მარტის 12 საათამდე ჰქონდათ დრო, თუმცა გუშინ 12 საათზე გაურკვეველი მოთხოვნებით წამოვიდნენ. აქ სხვა ძალები არიან ჩართულნი და ვიღაც არასწორად მართავს პროცესებს, რაც დააზიანებს იმ ადამიანებს, ვინც გარეთაა. ქარხანაში მუშაობენ ადამიანები და არც მათ კეთილდღეობაზე არ ფიქრობენ.

ეს პრობლემას შეუქმნის მათაც, რადგან უმუშევრები დარჩებიან, კომპანია აუცილებლად მოძებნის კადრებს, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ და სამართლებრივად გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა ჭყონიამ.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაფიცულთა პროტესტის გაგრძელების გამო კომპანია სამართლებრივ ზომებს მიმართავს და ახალი კადრების მოძიებას დაიწყებს, რათა შეფერხებული წარმოება გამართოს.

„ვწუხვარ, მაგრამ კომპანია უკვე ფაქტობრივად უარს აცხადებს იმ შეთავაზებების შესრულებაზე, რომელიც მედიაციის პროცესში მივაღწიეთ და ისინი სამართლებრივად გააგრძელებენ დავას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამ პროცესს ხელს უშლიან. ვწუხვართ, რომ გაფიცულები ვერ აცნობიერებენ რა პროცესში არიან ჩართულნი და რამდენად შეუქმნეს საკუთარ თავს საფრთხე და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

კომპანია „საირმე“ აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას. ის ქართული ბრენდია და არ აქვს მნიშვნელობა, რომ გენერალური დირექტორი ეროვნებით რუსია. კომპანია მუშაობს ექსპორტზე და საქართველოს ბაზარზე. კომპანიის შეფერხებით მუშაობა ნეგატიურად აისახება თვითონ კომპანიაზე, მის შემოსავალზე და ქვეყნის ბიუჯეტზე. ამიტომ მივმართავთ სახელმწიფოს კანონის ფარგლებში ჩაერთოს, რათა კომპანიას მიეცეს ნორმალურად მუშაობის გაგრძელების საშუალება“, - განაცხადა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ.

ივა ჭყონიამ გაფიცულთა იმ მოთხოვნებზეც ისაუბრა, რომლებზეც კომპანიამ შემხვედრი შეთავაზება გააკეთა და მისი შეფასებით, 7 მარტს გამართულ შეხვედრაზე პროტესტის მონაწილეები ამ შეთავაზებას ანთებული თვალებით შეხვდნენ.

„მივიღე გადაწყვეტილება და 7 მარტს ჩავედი ქარხანაში, რათა დასაქმებულების პოზიცია დამსაქმებელთან ერთად უშუალოდ გამერკვია და ჩავრთულიყავით მედიაციაში. ქარხნის მუშების თითქმის ნახევარია გაფიცული. 30 ადამიანი გაფიცულია და საწარმოო პროცესი შეფერხებულია. იქ საუბარია არა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, არამედ ჩართულია რადიკალური ძალა, რომელიც იმ ადამიანებს არასწორი მიმართულებით მართავს, რაც საბოლოო ჯამში პრობლემას არამხოლოდ იმ მუშებს უქმნით, რომლებიც გარეთ არიან, არამედ იმ ადამიანებს, ვინც შიგნით მუშაობენ. პრობლემას უქმნიან ქვეყნის ეკონომიკას და იმ ბრენდს, როგორიცაა „საირმე“. საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებენ კომპანიას უცხოელ პარტნიორებთან, აღარ მაქვს საუბარი ქართველებზე, რომლებთანაც ვალდებულებები აქვთ შესასრულებელი.

მოთხოვნების 31 პუნქტიდან თითქმის 80% შესრულებული იყო. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე რომ დაზღვევასთან დაკავშირებით თანამშრომლებმა არ იცოდნენ რომ დაზღვეულები იყვნენ.

გაფიცულებთან შეხვედრისას მივხვდით, რომ მათთვის მთავარი ის თანხები იყო, რომელსაც ანაზღაურების სახით იღებდნენ. 2022 წელს სახელფასო ზრდა უკვე ჰქონდათ. დამსაქმებელი ისეთ პირობებზე წამოვიდა და ისეთი შეთავაზება გაუკეთა, რაც არ უნდა ჩავიდეთ და ვესაუბროთ მაინც რადიკალიზმზე მიდიან და მათთვის მნიშვნელოვანია არა მოლაპარაკება, არამედ ქარხნის მუშაობის შეფერხება და პრობლემების შექმნა.

ამ ადამიანებს უშუალოდ შევხვდი და ჩემგან დიდი პატივისცემა. მათ სახეზე ეტყობოდათ რომ პროცესის დასრულება უნდოდათ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ხელფასების 30% იყო და მოლაპარაკების შემდეგ შევთავაზეთ, რომ ხელფასი არა ძველი შეთავაზების მსგავსად 10%-ით, არამედ 22.5%-ით გაეზრდებოდათ და მათ ამაზე თვალები გაუნათდათ.

მათ შორის მათი მოთხოვნა არ ყოფილა, მაგრამ მე როგორც ასოციაციამ დავუფიქსირე, რომ რადგან ისინი საათობრივ ანაზღაურებაზე არიან დამოკიდებულნი და თებერვლის ხელფასს ვერ აიღებდნენ, 300-300 ლარს გადავურიცხავდით, რომ რაღაცნაირად კომპენსირება მოეხდინათ საბანკო ვალდებულებებთან.

მათ არ ჰქონდათ ხელფასები დარიცხული, რადგან კომპანიას გაფიცვის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნა, რადგან დამსაქმებელსაც აქვს ვალდებულებები მიწოდების მხრივ.

საუბარი იყოს ასევე ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასა და მე-13 ხელფასზე, კომპანია ამასაც დათანხმდა და წლის ბოლოს ნამუშევრის მიხედვით ბონუსის გაცემა მოხდებოდა“, - განაცხადა ივა ჭყონიამ და იქვე დასძინა რომ შეთანხმება ვერ შედგა.

ცნობისთვის: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.

მათი ინფორმაციით, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვდა შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საირმე მინერალ ვოთერსი“ დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის, რაც 1500 ლარითაა განსაზღვრული. ასევე ისინი ამბობენ, რომ მენეჯმენტი დასაქმებულებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზად არის. კომპანიის ამ განცხადებას გაფიცულთა უფლებადამცველი პროფკავშირში არ ეთანხმებიან და სიცრუეს უწოდებენ. მათი ცნობით, დასაქმებულთა დარიცხული სახელფასო ანაზღაურება 800 ლარს არ აღემატება. გაფიცულები და მათი უფლებადამცველი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს პროცესებში ჩართვის მოთხოვნით მიმართავს. "საირმე მინერალ ვოთერსში" კი აცხადებდნენ, რომ ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად გიორგი დიასამიძის გარეშე დიალოგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები