ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ უწყების საიტს ტექნიკური ხარვეზი აქვს და საჯარო მოხელეების დეკლარაციებზე წვდომა არ ჩაკეტილა. მან ამის შესახებ "ტვ პირველს" განუცხადა.
საქმე ისაა, რომ 2024 წლის დეკემბრიდან საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა აღარ აქვს.
კითხვაზე, რატომ ჩაიკეტა ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე წვდომა, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზია, რომელიც გამოსწორდება, თუმცა ის ვერ ასახელებს ვადას, როდის აღმოიფხვრება პრობლემა.
"არაა ეს ჩაკეტილი, ესაა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოსწორდება. დეკლარაციები ხელმისაწვდომია, კანონით არის ეს განსაზღვრული. საიტზე განთავსებულ ინფორმაციას თუ რაიმე ხარვეზი აქვს, გამოსწორდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, აღდგება, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს საიტი ფუნქციონირებას",- თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
IDFI-ს განცხადებით, გარდა იმისა, რომ 2010 წლის შემდგომ პირველად, საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე (declaration.acb.gov.ge) წვდომა არ აქვს, ანტიკორუფციული ბიურო არ გასცემს საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილ თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებს.