„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი - კონსტიტუციის 78-3 მუხლი", რომელსაც საჯარო რეესტრი რეგისტრაციაზე უარს ეუბნება, საკონსტიტუციო სასამართლოში "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონს გაასაჩივრებს - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კახი სამხარაძემ ისაუბრა.
სამხარაძე BMG-სთან "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის გვერდის ავლით, პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახალი პროფკავშირი საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ინსტანციებში სწორედ მათ უფლებებს დაიცავს.
"ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ იმისთვის, რომ ყველა დონე ვიხმაროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მხარდაჭერის ფარგლებში, რათა სამართლებრივი გზებით დავიცვათ ჩვენი უფლებები.ყველას მიმართ გამოიყენება [სადამსჯელო] ზომები, კანონს აღარაფრად აგდებენ. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კანონმა თავისი რესურსი სრულად ამოწურა.
შესაბამისად, ამ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოსაც, შესაძლოა, არსებითი გავლენა არ ჰქონდეს საბოლოო შედეგზე, მაგრამ ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავაინიცირეთ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, თუნდაც იმისთვის, რომ გვქონდეს საწინდარი, საერთაშორისო სასამართლოში დავიცვათ საჯარო მოხელეების უფლებები", - ამბობს კახი სამხარაძე.
სამხარაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და შევიწროების მსხვერპლია "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლის" თანადამფუძნებელი თამთა კაჭახიძეც.
"ჩვენი გაერთიანების ერთ-ერთ საკვანძო წევრის, თამთა კაჭახიძის მიმართ ხორციელდება აუხსნელი შევიწროება და დევნა. თამთას ჰყავს სამი წლის შვილი და მოვუწოდებ [ხელისუფლებას], კარგად ჩახედოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 116-ე მუხლს, სადაც წერია, რომ 3 წლამდე შვილის ყოლის შემთხვევაში, ქალი, საჯარო მოხელე, ვერც რეორგანიზაციის და ვერც სხვა საფუძვლით ვერ გათავისუფლდება.
მინდა სოლიდარული ვიყო თამთას, მისი თანამშრომლების მიმართ. უკვე სხვა უწყებებიდანაც ხდება მარტოხელა დედების, მოწყვლადი ჯგუფების განთავისუფლება. ასე ულოცავს ალბათ [ხელისუფლება] დედის დღესა და რვა მარტს ადამიანებს, რომლებიც ასე თავდაუზოგავად მუშაობენ. ეს ადამიანები დღეს საკუთარ სამშობლოს იცავენ ავტოგოლებისგან და აუცილებელია სოლიდარობა ამ ხალხის მიმართ", - განაცხადა კახი სამხარაძემ.
პროფკავშირების თავმჯდომარე პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით, საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირებს მოუწოდებს, ორგანიზაციის სოციალურ ქსელებში განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ.
"ეს არის აპლიკაიცა, რომლის შევსების შემთხვევაშიც, გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ვის მიმართ, რომელ სამსახურში, რა ფორმებით ხდება დევნა/შევიწროება - ამის საფუძველზე ჩვენ გვექნება უფრო მკაფიო ინფორმაცია და საჭირო რეაგირების შესაძლებლობა.
ეს ბაზა, რომელიც დამუშავდება, სამართლებრივი მხარდაჭერისთვის იქნება მნიშვნელოვანი სამომავლოდ, როდესაც დავინახავთ, რომ არსებობს სამართლიანობის აღდგენის რეალური შანსი", - ამბობს კახი სამხარაძე.




























