მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯარო მოხელეს პარალელურად საპენსიო ფონდის საბჭოში მუშაობა შეეძლება – კანონში გამონაკლისი შედის

საპენსიო სააგენტო შენობა

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რომელსაც ამ კვირაშივე მიიღებენ.

დღეს, იურიდიულმა კომიტეტმა პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. დღესვე უყრიან კენჭს პირველი მოსმენით.

ცვლილებების მიხედვით, საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს დაემატება საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის პოზიცია.

ცვლილება განსაზღვრავს, რომ საჯარო სამსახურში მმართველობითი ან სათათბირო ფუნქციის განხორციელების მიზნით შექმნილ სხვა კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების არაანაზღაურებადი საქმიანობა აღარ ჩაითვლება თანამდებობრივ შეუთავსებლად.

„ თუ კომისია ან საბჭო მმართველობითი ან სათათბირო ფუნქციის განხორციელებისთვის არის შექმნილი, საჯარო მოხელეს შეუძლია ამ საბჭოშიც დასაქმდეს, იმუშაოს, მისი ცოდნა და გამოცდილება გაზიარებული იყოს, მაგრამ მთავარია, რომ ამ ყველაფერში ანაზღაურება არ უნდა აიღოს“, - განმარტა "ოცნების" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინიციატორი კი – საქართველოს მთავრობა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ინიციატივის მიზანია არსებული ნორმატიული შეზღუდვების მოხსნა და პრაქტიკაში შექმნილი საჭიროების დაკმაყოფილება, როცა საჯარო მოხელეები სხვადასხვა საბჭოში მონაწილეობენ თავიანთი პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები