მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯარო მოსამსახურეებს სახელმძღვანელოების შექმნაში და ავტორიზაციის საბჭოებში მონაწილეობა შეეძლებათ - კანონპროექტი

სახელმძღვანელო

საჯარო მოსამსახურეებს, ხელმძღვანელის თანხმობით, სახელმძღვანელოების შექმნაში მონაწილეობა ან სარედაქციო-საექსპერტო მომსახურების გაწევა, ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოებში მონაწილეობა, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა კორპუსის წევრობა შეეძლებათ. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

ცვლილებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც ეხება კანონის მე-13 მუხლით დადგენილ, თანამდებობრივი შეუთავსებლობის რეჟიმს და საჯარო მოსამსახურეებს და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უკრძალავს გარკვეული სახის ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელებას.

ცვლილებების შემდეგ, ამ პირებს მიეცემათ საშუალება შეთავსებით განახორციელონ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებული, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესთან დაკავშირებული ანაზღაურებადი საქმიანობები.

აღსანიშნავია, რომ საჭიროა თანხმობაც. კერძოდ, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა, რომელიც მის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს.

"კანონპროექტი საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან პროექტით წარმოდგენილი ინიციატივები მიზანშეწონილია დარეგულირდეს დროის მოკლე მონაკვეთში. ვინაიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების (1353-Vმს-XIმპ; 04/02/2026) საფუძველზე, ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება-დამტკიცების პროცესი უკვე დაწყებულია და აუცილებელია ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ განათლების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა ნაწილი საჯარო მოსამსახურე ან საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. სახელმძღვანელოების შექმნისათვის განსაზღვრული ვადების (2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე) გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ აღნიშნული სამართლებრივი საკითხი დროულად იქნეს მოწესრიგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდება, რაც უარყოფითად აისახება ზოგადი განათლების ხარისხზე და სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში მონაწილე პირებზე გავრცელებით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. კერძოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესების სრულყოფილად წარმართვის მიზნით, მნიშვნელოვანია, მასში მონაწილეობა მიიღონ მაღალკვალიფიციურმა და გამოცდილმა პირებმა, რომელთა ძირითად საქმიანობასთან ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა გახდა შეუთავსებელი. იგივე ვრცელდება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესში და „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესში მონაწილე პირებზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები