„საჯარო მოხელეები, ისევე როგორც კერძო სექტორში დასაქმებულები საპენსიო სქემიდან გავიდნენ და არაფერი ამაში გასაოცარი და საკვირველი არ არის, რადგან მათ კანონის თანახმად, ამის უფლება ჰქონდათ,“ - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული 42,000-მდე პირის მიერ სისტემის დატოვების კომენტირებისას განაცხადა.
სურგულაძე იმედოვნებს, რომ სააგენტოს მიერ გაწეული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, სისტემიდან გასული პირები კვლავ სქემაში დაბრუნდებიან.
„რეფორმას უდაოდ გამოკვეთილი სიკეთეები აქვს, უნიკალური სიკეთეები. ასეთი მასშტაბის რეფორმა, როგორც - ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით საქართველოში პირველად ხორციელდება. შესაძლოა, იყო გარკვეული ინფორმირებულობის ნაკლებობა და რაც მოვასწარით ეს გავაკეთეთ, ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ.
იმ ადამიანებიდან, ვინც სისტემა დატოვა, ჩვენ გარკვეული ანალიზი გავაკეთეთ. ისინი ალბათ იყვნენ ისეთი დაბალი ხელფასის მქონე ადამიანები, რომლებიც საპენსიო შენატანების მიმართ ძალიან მგრძნობიარეები იყვნენ, თუმცა საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი განვითარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებას, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, 3%-4%-ით. ეს თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს და შემოსავლების ზრდასაც", - განაცხადა სურგულაძემ.
ცნობისთვის: საპენსიო სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საპენსიო სისტემა ნებაყოფლობით 41,805-მა საჯარო მოხელემ დატოვა. კერძო სექტორიდან კი, დაგროვებითი სისტემიდან 107,137 ადამიანი გავიდა. ჯამურად საპენსიო სისტემა 148,942 მონაწილემ დატოვა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციითვე, 215,331 მოქალაქეს სისტემის დატოვების უფლება გაუუქმდა, რადგანაც მათ სახელმწიფოს სისტემიდან გასვლის შესახებ დადგენილ ვადებში არ მიმართეს.

























