იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოება დაემატა. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი ბიზნესსუბიექტების შესახებ მაღალი ხარისხის, სარწმუნო მონაცემთა ბაზის ფორმირებას ითვალისწინებს, რომელშიც თავმოყრილი იქნება სრული ინფორმაცია ბიზნესსუბიექტების საქმიანობების შესახებ.
"სისტემურად აღრიცხული, მუდმივად განახლებადი და საჯარო მონაცემთა ბაზა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობასთან და ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის სტატისტიკისა და კვლევის წარმოებას, საქართველოსა თუ ევროკავშირის მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ინფორმაციის მარტივად მიწოდებას. ამავდროულად, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი არასამთავრობო სექტორისა თუ მედიისთვის საჯარო ინფორმაციის კიდევ ერთი ოპერატიული და კომფორტული წყარო იქნება. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ კლასიფიკატორს ეფუძნება, რაც მასში გაერთიანებულ მონაცემებს ხელმისაწვდომს არა მარტო ადგილობრივი, არამედ გლობალური მასშტაბითაც ხდის.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანია ნაბიჯია.
ახალი ფუნქციის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა, რომელიც ბიზნესსუბიექტების ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ერთიან და სრულყოფილ ინფორმაციის აერთიანებს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე (www.napr.gov.ge) სულ მალე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარებიან ის ბიზნესსუბიექტები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინალური პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან შრომით მოწყობაში დახმარებასთან, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების საქმიანობა, სადაც ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები ხორციელდება. სხვა საქმიანობების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და სავალდებულო არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ბიზნესსუბიექტებს საშუალებას მისცემს, პოტენციურმა მომხმარებლებმა, ბიზნესპარტნიორებმა თუ ინვესტორებმა მარტივად და მოსახერხებელი ფორმით მიიღონ ინფორმაცია ბიზნესის პროფილის, მომსახურებების და საქმიანობის ადგილის(მისამართის) შესახებ.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მომსახურების მიღება იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ავტორიზებულ პირებთანაა შესაძლებელი", - განმარტავენ საჯარო რეესტრში.

























