საჯარო რეესტრი ტრანზაქციების პროცესში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვისთვის დაჯილდოვდა, საუკეთესო ინოვაციური პროექტის ჯილდო უწყებას კიბერ უსაფრთხოებისა და ინოვაციური პროექტების ფორუმის ფარგლებში გადაეცა, რომელიც წელს უკვე მეცხრედ გაიმართა. გარდა ამისა საჯარო რეესტრმა ჯილდო საუკეთესო IT მენეჯმენტის კატეგორიაშიც მიიღო.
"ბლოკჩეინი 21 საუკუნის უსაფრთხოების გამოძახილია, რომელიც გულისხმობს, გამჭვირვალე, დაცულ ტრანზაქციებს. ვამაყობთ რომ ამ ნომინაციაში გავიმარჯვეთ და მივიღეთ პრიზი", - განაცხადა "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ.
ბლოკჩეინ სისტემის საპილოტე რეჟიმში დანერგვა საჯარო რეესტრმა გაზაფხულზე Bitfury ჯგუფთან ერთად დაიწყო. პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, ტრანზაქციების ბლოკჩეინ სისიტემაში გატარება მომავალი წლიდან დაიწყება.
"გვაქვს შესაძლებლობა რომ საჯარო რეესტრში მიმდინარე ყველა ტრანზაქცია ბლოქჩეინის სისტემით იყოს დაცული და გამტკიცებული, რაც მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს", - ამბობს უგრეხელიძე.

























