საჯარო რეესტრმა "თიბისი ბანკის" წესდებაში ცვლილების დარეგისტრირებაზე უარი თქვა. წესდებაში ცვლილების შეტანა სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასვლას უკავშირდებოდა.
საჯარო რეესტრის შეფასებით, "თიბისის" მიერ წარდგენილი ცვლილებები, კერძოდ კი, წესდების განახლებული ვერსია მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმპერატიულ დანაწესს. საჯარო რეესტრი "თიბისის" ცვლილების განსახორციელებლად 30-დღიან ვადას აძლევს.
საჯარო რეესტრის პასუხი "თიბისის":
"სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სს ,,თიბისი ბანკის' (ს/ნ 204854595) აქციონერის გადაწყვეტილებით წესდების 5.2.4. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საერთო კრებას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი,
ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში- ერთ-ერთი დირექტორი“. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საერთო კრების მუშაობას
ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი – ერთ-ერთი დირექტორი. მათი არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება. შესაბამისად, წესდებაში განხორციელებული ცვლილების შინაარსი ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმპერატიულ დანაწესს.
საერგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდების 5.3.11. პუნქტის მიხედვით, „დაკავშირებულ მხარეებს შორის დადებულ გარიგებებთან მიმართებაში საქართველოს კანონმდებლობის ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნის გათვალისწინებით სამეთვალყურეო საბჭო სულ მცირე 6 (ექვსი) წევრის თანხმობით ამტკიცებს ნებისმიერი
დაკავშირებული მხარის გარიგების დადებას, გარდა შვილობილ კომპანიასთან გარიგებისა.“ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, სამეთვლაყურეო საბჭოს შემადგენლობაში რჩება 4 წევრი. შესაბამისად, წესდების ზემოაღნიშნული დანაწესი შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი რეგისტრირებულ მონაცემებთან.
აქტის გამოცემის სამართლებრივი დასაბუთება:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.“
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული კანონიერების პრინციპის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.“
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-53 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ამ კანონით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დადგენილ გადაწყვეტილებებს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების სამართლებრივი და პროცედურული საკითხები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის
შესახებ ინსტრუქციით“.
აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს ხარვეზის დადგენის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები.
ზემოაღნიშნული ნორმებით განმტკიცებული წესის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება საქმის გარემოებების სრული, ზუსტი, ყოველმხრივი გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება.
დასკვნა:
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს.
საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა:
1. შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება.
2. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვროს -30 კალენდარული დღე.
3. დაინტერესებული პირის მიერ ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, დამატებით წარმოსადგენია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაციის წარმოდგენა.
4.სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და მომსახურებისთვის გადახდილი საფასური უკან
დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5.გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო მისმა დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ოფიციალურად დატოვეს. ბანკი საჯარო რეესტრში სწორედ ამ განცხადებას და განახლებულ წესდებას არეგისტრირებს.
"თიბისის" ინფორმაციით, ამჟამად საბჭოს ვაკანტურ პოზიციებზე მიმდინარეობს კანდიდატთა შერჩევა.

























