ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა "რუსულ კანონზე" მორიგი განმწესრიგებელი სხდომა დაასრულა. როგორც თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განმარტა, პროცესი ხვალ, 31 აგვისტოს, 11:00 საათზე განახლდება.
იქამდე, სხდომის მიმდინარეობისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით დევიძემ განაცხადა, რომ რეესტრში უკვე 360 სუბიექტის განცხადებაა შესული.
„საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზები დაცულია. იგივე სტანდარტი ვრცელდება „უცხოური ძალის გამტარებელი ძალის რეესტრთან მიმართებით.
დღის ბოლოს, 360 სუბიექტის განცხადებაა შემოსული. მოქალაქეს უნდა დაეთვალიერებინა 360 ვებგვერდი, რაც არის რთული. დიდი უპირატესობაა, როდესაც შეგიძლია დაინტერესებულ მოქალაქეს ნახო ყველა ორგანიზაციაზე დეკლარაცია. 1 სივრცეში და ერთი ორგანიზაციის ვებგვერდზევე. კერძო ორგანიზაციები ვერ შეძლებენ იმ ხარისხით და სტანდარტის დაცვით ტექნოლოგიურ ორგანიზებას, რაც სჭირდება ასეთი ტიპის მონაცემების გარანტირებულად დაცვას იმისათვის, რომ არ მოხდეს გარე პირის ჩარევა“, - განაცხადა დევიძემ.
იქამდე, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვის მეორე დღეს, 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ გააკეთა განმარტება პროცედურულად როგორ დაიწყება რუსული კანონის აღსრულება. მისი თქმით, საჯარო რეესტრი აცნობებს ორგანიზაციებს მონიტორინგის პროცესის დაწყებაზე, მაგრამ არ მიაკითხავს მათ ოფისში, მხოლოდ წერილობით მოხდება ინფორმაციის გამოთხოვა.