მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ 56 პირს ვუწევთ სამართლებრივ დახმარებას" - ახალი პროფკავშირი

კავშირი

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ამ ეტაპზე, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ 56 პირს უწევს სამართლებრივ დახმარებას. კავშირის ინფორმაციით, განგაშის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ყოველი მათგანი საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საჯარო განცხადებების ხელმომწერია.

"ეს გვაფიქრებინებს, რომ ისინი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გამო დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ მზადაა, დაიცვას საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულთა უფლებები და მოუწოდებს მათ, დაუკავშირდნენ ორგანიზაციას სოციალური გვერდის მეშვეობით", - წერია კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ გასულ თვეს საჯარო მოსამსახურეებმა დააფუძნეს.

ორგანიზაცია, ამჟამად, არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებმაც საჯარო განცხადებებით გამოხატეს ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული საქართველოს მოსახლეობის ნებისა და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მიმართ, რაც გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას.

საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურეების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესების დაცვას; საჯარო მოსამსახურეების სამუშაო პირობების, ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება და ხელშეწყობას; საჯარო მოსამსახურეებისათვის სამართლებრივი დახმარებისა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევას, ასევე ადვოკატირებას; საჯარო მოსამსახურეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საქმიანობის სტანდარტების ამაღლებას, ახალი ცოდნის/უნარების შეძენის ან/და გადამზადების თვალსაზრისით, თეორიული და პრაქტიკული ღონისძიებების უზრუნველყოფას; საზოგადოებაში საჯარო მოსამსახურეთა როლის განმტკიცება და საჯარო მმართველობის მიმართ მოქალაქეთა ნდობისა და ჩართულობის ზრდას; ევროინტეგრაციის ფარგლებში, კარგი მმართველობის პრინციპზე დაფუძნებული, ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას; საქართველოს გრძელვადიანი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი, საქართველოს კონსტიტუციის მხარდამჭერი, დემოკრატიული, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების, სტაბილური, ეფექტური და გამჭვირვალე საჯარო მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები