მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კრიტიკული აზრის ჩახშობას ემსახურება - თანამშრომელთა ნაწილი

საჯარო სამსახურის ბიურო
BM. GE
04.02.25 17:51
582

საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ბიუროს გაუქმების მიზანია საჯარო სამსახურის წმენდა და კრიტიკული აზრის ჩახშობა. გუშინ, 3 თებერვალს, მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის საბაბით საჯარო სამსახურის ბიუროს აუქმებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ.

"საჯარო სამსახურის ბიუროს ძირითადი ფუნქციაა საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობის შესწავლა, საჯარო სამსახურის განვითარების ხედვის ჩამოყალიბება, საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული ანალიზი, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვა, საჯარო მოხელეებისთვის კონსულტაციების გაწევა, მეთოდური დახმარება და საჯარო სამსახურში სტატისტიკის წარმოება. ბიურომ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შეიმუშავა არაერთი უნიკალური მეთოდური სახელმძღვანელო, გზამკვლევი, ჩაატარა ტრენინგები და დანერგა მოხელეთა განვითარების ინოვაციური პროგრამები და მიდგომები. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბიურო ასრულებდა ტექნიკური ხასიათის ფუნქციებს არ არის ვალიდური, რადგან აღნიშნული არ არის ტექნიკური და მოითხოვს სიღრმისეულ ინტელექტუალურ შრომას.

მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია საჭიროებს წინასწარ ანალიზს და ეფექტიანობის შეფასებას, რაც საჯარო სამსახურის ბიუროს შემთხვევაში არ ჩატარებულა. შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გამართლება ამ მიზნით კითხვის ნიშნებს ტოვებს.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია ემსახურება საჯარო სამსახურის წმენდას და კრიტიკული აზრის ჩახშობას", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები