თბილისის მერია, აღსრულების ეროვნული ბიურო და სამართალდამცველი ორგანოები ის საჯარო სტრუქტურებია, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის აპარატმა დარღვევები აღმოაჩინა.
აპარატის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის მერიაში ადგილი ჰქონდა ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების არაკანონიერ ფაქტებს.
„შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ელექტრონული სისტემა არ აღრიცხავდა მონაცემთა მიმართ შესრულებულ ყველა მოქმედებას. სისტემაში აღირიცხებოდა მხოლოდ მომხმარებლის შესვლისა და გამოსვლის ფაქტები, ასევე, თუ რომელ კამერაზე განხორციელდა წვდომა. თუმცა არ აღირიცხებოდა, ვინ, რომელი კამერიდან, როდის და რა მიზნით დაამუშავა ვიდეოჩანაწერი. მერიის უფლებამოსილმა პირმა შემოწმების მიმდინარეობისას უზრუნველყო მოქმედებების სრულად აღრიცხვის ფუნქციის გააქტიურება.“ - ნათქვამია ანგარიშში.
აღსრულების ბიურომ კი მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ წერილები უკონვერტოდ გაუგზავნა. აღნიშნული გზავნილები შეიცავდა პირად მონაცემებს. ორივე უწყებას რეკომენდაციები მიეცა.
„საქართველოს კონსტიტუცია და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას, ნებისმიერ საჯარო ორგანიზაციას, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. კერძოდ, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით დამუშავდა, რა გზით შეგროვდა და ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები.“ - ნათქვამია აპარატის მიერ მომზადებულ 2017 წლის ანგარიშში.

























