სახელმწიფოს წელს საჯარო სკოლების მოსწავლეების სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა 18,6 მლნ ლარი უჯდება. შესაბამისი ორი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უკვე გამოაცხადა. საუბარია ყველა საგნის და კლასის სახელმძღვანელო წიგნებსა და რვეულებზე.
კერძოდ, ერთი ტენდერის თანახმად შესყიდვა გამოცხადებულია გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების - მოსწავლის წიგნებისა და დამხმარე სასწავლო მასალის ბეჭდვასა და მიწოდებაზე, რომლის რაოდენობა უნდა იყოს 2 706 332 ცალი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 082 074 ლარია.
მეორე ტენდერის თანახმად კი, შესყიდვა გამოცხადებულია 2 941 403 ცალ სასკოლო სახელმძღვანელოების მოსწავლის რვეულის ბეჭდვასა და სკოლებისთვის მიწოდებაზე. ამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 574 131 ლარია.
ორივე ტენდერის შემთხვევაში, წინადადებების მიღება დაიწყება 24 მარტს და დასრულდება 25 მარტს.
გამარჯვებულებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის და ქ. თბილისის საჯარო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდება უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, 2025 წლის 20 ივნისიდან არაუგვიანეს 2025 წლის 1 სექტემბრისა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები გასულ წელსაც სახელმწიფოს დაახლოებით იგივე ფასი - 18,4 მლნ ლარი დაუჯდა.
ცნობისთვის, საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის ყოველწლიურად ყველა საგანში სასკოლო სახელმძღვანელოებს სახელმწიფო უფასოდ 2013 წლიდან უზრუნველყოფს. ეს გადაწყვეტილება თავდაპირველად განათლების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა მიიღო და მიზეზად მოსწავლეების ოჯახების ფინანსური ტვირთის შემსუბუქება დაასახელა.