არჩეული პრეზდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, მთავრობაში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.
ამის შესახებ „პირველი რადიო“ წერს.
მისი ინფორმაციით, თანამდებობები, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დატოვონ.
ვებ-პორტალის წყაროს ცნობით, ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ ჩაანაცვლოს;
იზორიას შესაძლო გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ავღანეთის უბნებზე დაფიქსირებული შედეგებია, თუმცა მოქმედი მინისტრის გათავისუფლებაზე ხმები არჩევნებამდეც ვრცელდებოდა;
გარდა ამისა, BM.ge-ისთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ არჩევნების I ტურის დასრულებისთანავე “ქართული ოცნება” რეგიონალურ მმართველობებში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს გეგმავდა. საუბარია, რუსთავის და თელავის მერებზე.
თუმცა სააგენტოს ინფორმაციით, “ქართული ოცნება” მხოლოდ ამ ორი ქალაქით შემოფარგვლას არ გეგმავს და ადგილობრივ თვითმმართველობებში საკადრო გადაადგილება თითქმის ყველა რეგიონში იგეგმება.
BM.ge-ის ცნობითვე, საკადრო ცვლილებები არის ყველაზე განხილვადი თემა არა მხოლოდ “ქართული ოცნების“ პარტიის ოფისში, არამედ საქართველოს მთავრობის დონეზეც;
რამდენი მინისტრი დაკარგავს პოსტს მამუკა ბახტაძეს კაბინეტში, სავარაუდოდ, ცნობილი უახლოეს 2 კვირაში გახდება.