მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკანონმდებლო ცვლილებებზე RIA-ს მომზადება პარლამენტარებისთვის ნებაყოფლობითი იქნება

5c56a57409a84
თამუნა დემეტრაშვილი
03.02.19 13:17
948
საკანონმდებლო ცვლილებებზე რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის (RIA) მომზადება, პარლამენტარებისთვის ნებაყოფლობითი იქნება,- ასეთი მიდგომით მომზადდა "ნორმატიული აქტების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომლის წარდგენასაც ეკონომიკის სამინისტრო თებერვლის თვეში გეგმავს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ bm.ge-ს განუცხადა, პროექტი ფაქტიურად უკვე მზადაა, თუმცა, მომავალი კვირის ბოლომდე ცალკეული სახელმწიფო უწყებებისგან, შენიშვნებსა და კომენტარებს ელოდებიან, რომელთა გათვალისწინების შემდეგაც, კანონპროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტს გადაეგზავნება.

"ჩვენს ვერსიაში საუბარია, რომ RIA-ს მომზადების ვალდებულება პარლამენტზე არ გავრცელდეს, თუმცა, პარლამენტში მომზადებულ კანონპროექტს, შეიძლება დაერთოს RIA, თუკი პროექტის ავტორის სურვილი იქნება”,-განაცხადა მქელაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმას, რომ "ნორმატიული აქტების" კანონში უკვე ამოქმედებული ცვლილებებით, პარლამეტარების მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე დართული განმარტებითი ბარათების მომზადება, საკმაოდ გამკაცრებულია.

"პირდაპირი მნიშვნელობით ამას RIA შეიძლება არ ჰქვია, თუმცა, თითქმის ყველა ინფორმაცია, რაც საჭიროა RIA-ში, განმარტებით ბარათში უნდა იყოს ასახული. კანონპროექტის ავტორებს უკვე საკმაოდ დიდი შრომა უწევთ, რომ განმარტებითი ბარათები სრულყოფილი იყოს”-აღნიშნა მიქელაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, მთავრობამ, დადგენილებით უნდა განსაზღვროს იმ კანონების ჩამონათვალი, რომელთა ცვლილების შემთხვევაშიც, რეგულირების გავლენის დოკუმენტის მომზადება აუცილებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები